მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ეკონომიკური კონცეფციის განვითარებაზე Colliers-ი მუშაობს

63ea49b93c8dd
BM.GE
13.02.23 18:29
1378
როგორც ცნობილია, ამბასადორი ბათუმი აილენდი განვითარების ეკონომიკური კონცეფციის შექმნის პროცესში უძრავი ქონების სერვისებისა და საინვესტიციო მომსახურებების გლობალურ ლიდერთან Colliers-თან თანამშრომლობს. ამ საკითხთან დაკავშირებით Colliers საქართველოს პარტნიორს, ლევან გვარამაძეს ვესაუბრეთ.

რას ითვალისწინებს თქვენს და ამბასადორი ჯგუფს შორის თანამშრომლობა. რა დოზით არის კოლიერსი ჩართული ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის შესწავლა განვითარებაში? შესწავალა მიმდინარეობს კოლიერსის ადგილობრივი ოფისის ბაზაზე თუ კვლევებში ჩართული არიან უცხოელი სპეციალისტებიც?

კოლიერსმა 2022 წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყო ამბასადორ ჯგუფთან თანამშრომლობა, სადაც ჩვენ ჩავერთეთ როგორც ეკონომიკური მრჩევლები და დეველოპმენტ კონსულტანტები. კოლიერსს ამ პროექტში წარმოადგენს კოლიერს ბრიტანეთისა და კოლიერს საქართველოს დეველოპმენტ კონსალტინგის გუნდები. უფრო კონკრეტულად კი კოლიერსი მუშაობს ბათუმში ხელოვნური კუნძულის ეკონომიკური კონცეფციის განვითარებისა და პროექტის საბაზრო და ფინანსური მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე, საერთაშორისო ქალაქმგეგმარებლებისა და ინჟინრების გუნდებთან ერთად.

როგორც ამბასადორი ჯგუფში აცხადებენ, იმისათვის რომ პროექტი იყოს საერთაშორისო დონის და ხარისხის, მათ მოიწვიეს მსოფლიოში ცნობილი ინჟინრების, არქიტექტორების და განაშენიანების გეგმის სპეციალისტთა თანავარსკვლავედი. რომელ კომპანიებთან გქონდათ თქვენ უშუალო შემხებლობა და რა მიმართულებით თანამშრომლობთ პროექტის კონტრაქტორებთან?

ამ პროექტის ფარგლებში აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო მასტერპლანერ კომპანიასთან - ARUP-თან, რომელიც მუშაობს ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე და საინჟინრო კომპანია Yuksel Proje-სთან, რომელიც კონცენტრირდება საინჟინრო ტექნიკურ გადაწყვეტებზე. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შეიქმნას როგორც ეკონომიკურად ისე ქალაქგეგმარებითად გააზრებული პროექტი, სადაც კოლიერსი ამზადებს ბაზრის კვლევებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით მოთხოვნის პროგნოზს და ფუნქციური განვითარების პროგრამას, რასაც ინჟინრები და მასტერპლანერები თარგმნიან ტექნიკურ გადაწყვეტებსა და სივრცეში. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ პროექტის ერთ-ერთ მსხვილ სადეველოპერო არეალზე მუშაობს არქიტექტურული კომპანია SHOP Architects, ამ შემთხვევაში ჩვენ მათი დამუშავებული საპროექტო გადაწყვეტები დავაკოორდინირეთ შეთავაზებული მოთხოვნის პროგნოზთან. სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გვესმის რომ პროექტის ცალკეული დეტალი სანამ დღის შუქს იხილავს შესაძლებელია იყოს კონფიდეციალური საიდუმლოება, თუმცა ხომ ვერ გაგვიზიარებდით დეტალებს, რისი განვითარება იგეგმება კუნძულზე?

ამ ეტაპზე რისი გაზიარებაც შეიძლება არის, რომ ვსაუბრობთ ბათუმში ახალი მულტი-ფუნქციური მიზიდულობის ცენტრის შექმნაზე 76 ჰა ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება მასშტაბური რეკრეაციული სივრცეები, მრავალფეროვანი სხვადასხვა ზომისა და კლასის დასარჩენი ადგილები, საკვები ობიექტების კლასტერები, ექსკლუზიური გართობისა და დასვენების სივრცეები, საკონვენციო სივრცეები, პრემიალური ვილები, მაღალი კლასის სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, მოზრდილი საზღვაო კლუბი და ნავმისადგომი, აკვაპარკი, სოციალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები. საპროგნოზო მაჩვენებლებით მიწის ნაკვეთის შექმნის სამუშაოებს დასჭირდება 3-4 წლიანი პერიოდი, ხოლო პროექტის ფაზირებულ განვითარებას 15-20 წელი.

რა შეგიძლიათ თქვათ მთლიანობაში ბათუმის ხელოვნური კუნძულის კონცეფციის შესახებ, რით არის ის გამორჩეული და როგორ აისახება ბათუმის მომავალზე? რა შეემატება საქართველოს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებით?

რეგიონში ხელოვნური კუნძული პირველი პროექტია, რაც უკვე გამორჩეულ ინტერესს აღძრავს. მოგეხსენებათ ბათუმში ზღვის სანაპიროს სიახლოვეს თავისუფალი მიწების მიწოდება საკმაოდ დეფიციტურია, აღნიშნული პროექტი კი ახალ შესაძლებლობებს აჩენს როგორც დეველოპერული და საინვესტიციო, ისე ტურისტული თვალსაზრისით. მოსალოდნელია, კუნძულის განვითარების შედეგად შექმნილი მიწების მიწოდება დამატებით ახალ მსხვილ ინვესტორებს მოიზიდავს, დეველოპერული აქტივობა უფრო მეტად გაზრდის ინტერესს ბათუმის როგორც ტურისტული და საქმიანი დანიშნულების ადგილის მიმართ, რაც მოსალოდნელია ითარგმნოს მეტ ტურისტში, მეტ ტრანზაქციასა და ბიზნეს აქტივობაში, და ზოგადად ტურისტებისა და მოსახლოების გაზრდილ მხარჯველუნარიანობაში.

როგორც წესი, ხელოვნური კუნძულების განვითარება იწვევს მიმდებარე ტერიტორიების განვითარებას და შესაბამისად უძრავ ქონებებზე საგრძნობლად ფასების მატებას. რა არის თქვენი პროგნოზი მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით? რა სიკეთეს მოუტანს პროექტის განხორციელება უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ ბენზეს და ბარცხანის მოსახლეობას?

როგორც აღვნიშნეთ, კუნძულის განვითარებით, ქალაქ ბათუმში იქმნება ახალი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც შეთავაზებული კონცეფციის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, გაზრდის მოთხოვნას მის სიახლოვეს არსებული უძრავი ქონების მიმართაც. მოსალოდნელია, რომ აქ არსებული უძრავი ქონების მფლობელები კუნძულის დაგეგმილი ტემპით განხორციელების შემთხვევაში იხეირებენ მათი ქონების ღირებულების ზრდით. კუნძულზე განვითარებულ სტუმართმასპინძლობის ინფრასტრუქტურას, დიდი რაოდენობით დასაქმებული პირები დასჭირდება, რაც დასაქმების შესაძლებლობას ზრდის, როგორც უშუალოდ სამეზობლოს, ისე მთელი ბათუმის მოსახლოებისთვის.

და ბოლოს, მოგვიყევით თქვენი კომპანიის და საქმიანობის შესახებ საქართველოში.

კოლიერსი გლობალური ლიდერია უძრავი ქონების სერვისებისა და საინვესტიციო მომსახურებების მიწოდებაში, იგი ოპერირებს 65 ქვეყანაში და ასაქმებს 18 ათასზე მეტ პროფესიონალს. კოლიერსი 2015 წლიდან წარმოდგენილია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NASDAQ).საქართველოში კოლიერსი 2014 წლიდან საქმიანობს და მუშაობს დეველოპმენტ კონსალტინგის, შეფასების, ბროკერიჯის, სამშენებლო პროექტების მართვის და ზედამხედველობის, უძრავი ქონების მარკეტინგის და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები