მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზღვაში კუნძულების/ნახევარკუნძულების მშენებლობას კანონი დაარეგულირებს - კანონპროექტი

1235678910111213

ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტთან დაკავშირებით მთავრობას „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ კანონში“ ცვლილებები შეაქვს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნინო ენუქიძე bmg-სთან განმარტავს, არსებული კანონი აქამდე მხოლოდ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში კუნძულებისა და ნახევარკუნძულების მშენებლობას უშვებდა. შესაბამისად მოწესრიგებული არ იყო ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების და ნახევარკუნძულების ექსპლუატაციასთან, ლიკვიდაციასთან და მათ განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მათი შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურად რეალიზებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს.

„ასეთი რეგულაცია ჩვენ გვაქვს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. ეს რეგულაცია არ გვქონდა ნაპირიდან 12 საზღვაო მილის დაშორებით. აქედან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. იცით, რომ ბათუმთან შენდება ორი ნახევარკუნძული და ასევე ხელოვნური კუნძული. ახლა მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასება და შესაბამისად კანონში ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ სწორედ გაკეთდეს მათი მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება, შემდგომი განკარგვა. აქამდე არაფერი იყო რეგულირებული და სწორედ ეს კანონპროექტი დაარეგულირებს ყველა ამ საკითხს“, - აცხადებს ნინო ენუქიძე.

კანონპროექტის მიღება ასევე გააჩენს შესაძლებლობას განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის პრივატიზება, რაც გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც დაინტერესებას გამოხატავენ განახორციელონ ინვესტიციები ქვეყანაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის შექმნისა და განვითარების გზით და მოიპოვონ მათზე საკუთრება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ ეტაპზე, ამგვარ დაინტერესებულ პირს წარმოადგენს შპს „ბათუმი აილენდი“, რომელიც მის მიერ შექმნილ ხელოვნურ ნახევარკუნძულებსა და კუნძულზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ინვესტირებას განახორციელებს, რაც ჯამურად არანაკლებ 500-ნომრიან სასტუმრო(ებ)ს, სავაჭრო ცენტრ(ებ)ს, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს, ზღვისპირა ბულვარს, საზოგადოებრივ პლაჟ(ებ)ს, აკვაპარკ(ებ)ს, იახტკლუბს, საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები