მომავალი წლიდან საქართველოში ენერგოეფექტურობის ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. "ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნინო ენუქიძე BMG-ისთან განმარტავს, საჯარო სექტორს შენობების 3%-ის განახლების ვალდებულება ექნება. ამასთან, შემოდის ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულება.
მისი თქმით, ჯერჯერობით ზუსტად არაა დათვლილი, რა ხარჯთან იქნება დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება საჯარო და კერძო სექტორისთვის.
„2022 წელს მიღებულ ენერგოეფექტურობის ახალ დირექტივასთან შესაბამისობაში მოდის ჩვენი კანონი. ენერგოეფექტურობის კანონში მთავარი ცვლილება არის ის, რომ ენერგოაუდიტორის ცნება შემოდის. თვითონ კანონი ენერგოაუდიტს ითვალისწინებდა, მაგრამ ახლა დაზუსტდება ვინ არიან ის სუბიექტები, ვისაც აქვთ უფლება განახორციელონ ენერგოაუდიტი. ესენი იქნებიან სერტიფიცირებული და აკრედიტებული ფიზიკური და იურიდიული პირები. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებებს, დღეს მოქმედ კანონში გაწერილია, რომ საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული ფართების 1% უნდა იყოს ენერგოეფექტური, ანუ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ამ ფართების ენერგოეფექტურად გარდაქმნა. ეს პროცენტი იზრდება და 1%-ის ნაცვლად 3% იქნება. რაც შეეხება თვითონ ენერგოეფექტური შენობების შესახებ კანონს, ასევე დირექტივიდან გამომდინარეობს. მთავარი ცვლილებაა ის, რომ გათბობის და გაგრილების სისტემები გაიმიჯნება. ასევე, უსაფრთხოების სისტემის მონტაჟის ვალდებულება ექნებათ დიდ შენობებს, საუბარია მოლებზე და მსგავსი ტიპის დიდ ობიექტებზე. ეს კანონი არ გავრცელდება 2022 წლის 30 ივნისამდე აშენებულ შენობებს და ამის შემდგომ აშენებულ შენობებზე კანონის მოქმედება გავრცელდება 2028 წლის 1-ელი ივლისიდან“,- განმარტა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მხარი დაუჭირა.