მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ექსპორტის ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი

ეკონომიკის სამინისტრო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ექსპორტიორი კომპანიებისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ 25 ნოემბერს აირჩიეს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ჰკითხა:

„მოხსენების შესაბამისად ძალიან ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს ყველა პარამეტრის მიმართულებით. ვფიქრობ, ეკონომიკური პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში 4 წლის შემდეგ არსებითად სულ სხვა საქართველოში გავიღვიძებთ და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ უკვე მივუახლოვდებით მდიდარი ქვეყნების ქვედა ზღვარს და კანდიდატის ქვეყნებს შორის, ალბათ ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვიქნებით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან მიმართებით მინდა ერთი კითხვა დავსვა - რა ღონისძიებების გატარება შეიძლება და როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მხარდაჭერას, რა ინიციატივები შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით? დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა იქნება, რომ ექსპორტზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების საშუალება მივცეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ ეკონომიკურ ზრდას გავაგრძელებთ, ეს ბუნებრივად იმპორტის ზრდასაც გამოიწვევს, შესაბამისად იმ 5%-იანი თარგეთის ქვემოთ ჩამოწევას როგორ ფიქრობთ რომ მივაღწიოთ?", - მიმართა ბერეკაშვილმა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა კომიტეტთან ითანამშრომლოს ექსპორტის ხელშეწყობის გაუმჯობესებაზე. თუმცა დასძინა, რომ ეს მიმართულება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებში პრიორიტეტულია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ეკონომიკაში გაგვაჩნია ეს ქრონიკული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია. ამის მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებთ, ეს ღრმაა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა და ხელშეწყობის მიუხედავად, რომელიც ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით ჩვენ გვაქვს ეს მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან ერთად ვიმუშაოთ დამატებით ახალ ინიციატივებზე, რაც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მხარდაჭერას და ზოგადად ექსპორტის ხელშეწყობას მოიცავს.

თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს პრიორიტეტებში ეს ყოველთვის არის და ბოლო წლებში ეს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ხელშეწყობა მოხდეს. „აწარმოე საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამებში განსაკუთრებული ნაწილი ეთმობა ზუსტად ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიების მხარდაჭერას, ბაზარზე შესვლის ბარიერების დაძლევის დახმარებას, თანადაფინანსებას, ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, სერტიფიცირების საკითხებს, მარკეტინგულ ხარჯებს, ქსელებში შესვლის თანადაფინანსებას, მომავალში დაგეგმილი გვაქვს ასევე ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსება, თუმცა შეიძლება სხვადასხვა დაკრედიტების მექანიზმი იყოს, რომელიც მოკლევადიანი საბრუნავი კაპიტალის კუთხით დახმარებას გულისხმობს. ბევრი ინსტრუმენტი, რომელიც მიღებულია ექსპორტის ხელშესაწყობად, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო წინ წავიწიოთ და კომიტეტთან ერთად ვიმუშაოთ, მათ შორის ჩვენი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამებიც გულისხმობს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მხარდაჭერას“, - განაცხადა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები