მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ერთიანდება საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები? - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

ლევან დავითაშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი

საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის - ამას ითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილი კანონპროექტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ლიმიტების ცვლილებას და უწყებისთვის სახელის შეცვლასაც ითვალისწინებს.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ამჟამად ჰყავს ორი მმართველობითი საბჭო, ერთია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებისგან არის დაკომპლექტებული. ხოლო მეორეა საინვესტიციო საბჭო, რომელიც ღია კონკურსის შედეგად შერჩეული წევრებისგან კომპლექტდება. სწორედ საინვესტიციო საბჭოს ევალება საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნულ საბჭოში 4 წევრია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ეს ორივე საბჭო უქმდება და იქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 9-15 წევრი ეყოლება. ამ საბჭოში თავის მხრივ, შეიქმნება სამი კომიტეტი, რისკების, აუდიტისა და ინვესტიციების კომიტეტი. ამასთან, აღნიშნული საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

BMG-იმ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით კითხვით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. უწყებაში განმარტავენ, რომ თავის დროზე, როდესაც საპენსიო სააგენტო შეიქმნა ორი საბჭოს ფუნქციონირება შეიძლება მისაღები იყო, თუმცა ამჟამად არსებულ რეალობაში ამ საბჭოების გაუქმება და მათ სანაცვლოდ ახალი მმართველობითი საბჭოს შექმნა უფრო გამართლებულ გადაწყვეტას წარმოადგენს.

"დღეს მოქმედი მმართველობითი სტრუქტურა ითვალისწინებს ორ-ბორდიან სისტემას, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით არ არის გამართული მართვის ინსტრუმენტი, თუმცა რომელიც რეფორმის თავიდან ასამოქმედებლად მიზანშეწონილად ჩაითვალა. რეფორმის განხორციელებიდან 5 წლის თავზე გამოიკვეთა რიგი ცვლილებების საჭიროება, რომელიც საპენსიო სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას ემსახურება. აღნიშნული განპირობებულია კერძოდ იმით, რომ ხუთი წლის მანძილზე საპენსიო აქტივების პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის კვალდაკვალ გაიზარდა საინვესტიციო ინსტრუმენტების ტიპები და რაოდენობა, რაც თავის მხრივ საჭიროებს საპენსიო ფონდის უფრო ეფექტური რისკის კონტროლის მექანიზმებს და შესაბამის ზედამხედველობას. ამ მიმართულებით კი შესაბამისი ევროდირექტივების ანალოგიური ჩარჩოს დანერგვაც განხორციელდა.

შესაბამისად, ხდება ორი არსებული საბჭოს - საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოს გაერთიანება. სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სამი მინისტრით, ისინი სრულიად გამოდიან და ეთიშებიან საპენსიო სააგენტოს მართვას და შესაბამისად მმართველობითი საბჭო მხოლოდ პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული. ასევე სავალდებულო წესით შეიქმნება სამი კომიტეტი - საინვესტიციო კომიტეტი, რისკის კომიტეტი და აუდიტის კომიტეტი. ამრიგად, საპენსიო სააგენტოს ეყოლება პროფესიონალებით დაკომპლექტებული მმართველობითი რგოლი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც ინვესტიციებზე, ასევე ფონდის ადმინისტრირებაზე და ყველა სხვა საქმიანობაზე. მინისტრები მართვაში აღარ იქნებიან ჩართულნი.

9 წევრის შემთხვევაში მთავრობა შეძლებს თანამდებობრივად დანიშნოს ერთი თანამდებობრივი წევრი (რომელიც არ შეიძლება იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი) და 9 წევრზე მეტის არსებობის შემთხვევაში 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს შიდა კომიტეტის წევრი ან დირექტორატის წევრი და მისი ძირითადი ფუნქცია იქნება მმართველობით საბჭოს იმ საჭიროებებზე რეაგირება, რაც საბჭოს მხრივ იქნება მთავრობასთან განსახილველი (შეიძლება იყოს სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, დებულების ცვლილებები და ა.შ). ამრიგად, აღნიშნული წევრი მეტად დამკვირვებლის ფუნქციასაც შეითავსებს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განმარტებაში.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, სახელი უნდა შეეცვალოს თავად საპენსიო სააგენტოს და მას საპენსიო ფონდი უნდა ეწოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები