ISET-ის კვლევით ინსტიტუტში პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში დამტკიცებულ ცვლილებებთან მიმართებაში შენიშვნები აქვთ.
როგორც ორგანიზაციის წამყვანმა ეკონომისტმა BMG-ის განუცხადა, ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც გამართლებული არაა, საპენსიო ფონდის მონაწილეებისთვის კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში დანაზოგების გადატანის შეზღუდვაა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნის უფლებამოსილება პარლამენტიდან პრემიერზე გადადის, ხოლო გარე აქტივების მმართველი კომპანიების ჩართულობა იზღუდება, საინვესტიციო მანდატის გაზრდა გარკვეულ რისკებს უკავშირდება.
ამასთან, დავით კეშელავას შეფასებით, აუცილებელია, რომ კანონში მეტი კონკრეტიკა გაჩნდეს, თუ რა ტიპის მსხვილ საინვესტიციო პროექტებში შეიძლება ჩაიდოს საპენსიო დანაზოგები.
„ცვლილებების მიხედვით, მმართველი საბჭოს მოდერნიზება ხდება და აქ ორი ასპექტია. ერთი - რამდენად ეფექტიანად იფუნქციონირებს ეს საბჭო და მეორე - ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. ერთადერთი რისკი, რაც ამ მიმართულებით არსებობს ისაა, რომ ძალიან არის გაზრდილი პრემიერ-მინისტრის როლი ამ პროცესში და პარლამენტის გამოთიშვა ამ ნაწილში შესაძლოა, ნაკლებ გამჭვირვალობას ნიშნავდეს. პარლამენტში უფრო მეტი განხილვა იქნებოდა ამ საკითხის ირგვლივ და მოსახლეობასაც მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდა. ზოგადად, როდესაც ერთპიროვნულად ხდება წევრების დანიშვნა, აქ პოლიტიკური რისკები ყოველთვის ჩნდება ხოლმე.
მეორე კომპონენტი კერძო კომპანიებისთვის საპენსიო დანაზოგების მართვაში გადაცემის საკითხს ეხება. ჩემი აზრით, ამ ნაწილის ამოღება არც ისე გამართლებული გადაწყვეტილებაა. პრაქტიკულად არჩევანს ვართმევთ მოქალაქეებს, რომ თავად შეარჩიონ, თუ ვინ მართავს მათ დანაზოგებს. ზოგადად, მომხრე ვარ შედარებით მაღალი კონკურენციის და თუკი კერძო კომპანიებსაც ექნებოდათ ჩართვის საშუალება, კონკურენცია ხარისხს გაზრდიდა და ამ სისტემაში ჩართულ ადამიანებს მეტი არჩევანი ექნებოდათ, რომ მათთვის სასურველად მომხდარიყო ამ თანხების ინვესტირება.
მესამე კომპონენტს რაც შეეხება, ეს დაბალრისკიანი პორტფელის საპენსიო თანხების სხვა აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობის გაჩენაა. სხვა აქტივების კომპონენტის შემოტანა აუცილებლად გვჭირდებოდა, რათა საპენსიო დანაზოგების გრძელვადიანი მდგრადობა ყოფილიყო. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს სხვა აქტივები სათანადოდ არაა განმარტებული და აქედან გამომდინარე, ჩნდება რისკები, რომ არასათანადოდ იყოს ეს თანხები გამოყენებული. თავად ცვლილებების ავტორები გვარწმუნებენ, რომ ეს ძირითადად ობლიგაციები იქნება. თუმცა კანონში კონკრეტული გარანტია არ გვაქვს, რომელიც ამ კუთხით დამშვიდების საშუალებას მოგვცემდა. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ უფრო დეტალურად განიმარტება, რა არის ეს სხვა აქტივები და რა ტიპის ინვესტიციებს მოიცავს მომავალში.
იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად საბჭოს ფორმირებაში პრემიერის და მთავრობის დიდი როლი იქნება და მოქალაქეებს არ ექნებათ საშუალება, კერძო აქტივების მმართველ კომპანიებთან ითანამშრომლონ, ყოველთვის ჩნდება იმის განცდა, რომ ისეთ აქტივებში მოხდეს ინვესტირება, რაც მოქალაქეებისთვის სარისკო იქნება და კორუფციის რისკებს უკავშირდებოდეს“, - განაცხადა დავით კეშელავამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც იზრდება ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს და ეს შესაძლებლობა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც ჩნდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საპენსიო დანაზოგებით მსხვილი პროექტების დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მასში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები იქნებიან ჩართულები. ამასთან, მსგავსი პროექტები მხოლოდ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით უნდა დაფინანსდეს.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპენსიო ფონდის მონაწილეებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დანაზოგები გარე აქტივების მმართველ კომპანიებში გადაიტანონ. მაშინ, როდესაც ეს შესაძლებლობა აქამდე მოქმედი კანონმდებლობით 2025 წლის 1 იანვრიდან ჩნდებოდა.