მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელი იყო საბჭოების გაერთიანება - კაპიტალის ბაზრის ექსპერტი საპენსიო სააგენტოში ცვლილებებზე

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი, მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოში მმართველობითი სახის ცვლილებები აუცილებელი იყო. გულედანის განმარტებით, ორი საბჭოს ფორმატი, რომელიც საპენსიო სააგენტოში ამჟამად ფუნქციონირებს არ წარმოადგენს ოპტიმალურ ფორმატს და საჭიროა ერთიანი ზედამხედველი ორგანოს დაკომპლექტება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარინა გულედანი ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილ ცვლილებებს საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით მიესალმება.

საქმე ისაა, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტოს ჰყავს ორი საბჭო, ერთია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებისგან არის დაკომპლექტებული. ხოლო მეორე საბჭოა საინვესტიციო საბჭო, რომელიც ღია კონკურსის შედეგად შერჩეული წევრებისგან კომპლექტდება. ამჟამად აღნიშნულ საბჭოში 4 წევრია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით ეს ორივე საბჭო უქმდება და იქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 9-15 წევრი ეყოლება. ამ საბჭოში თავის მხრივ, შეიქმნება სამი კომიტეტი, რისკების, აუდიტისა და ინვესტიციების კომიტეტი. ამასთან, აღნიშნული საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

მარინა გულედანის მოსაზრებით, სააგენტოს საბჭოების გაერთიანების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი დადებითად უნდა შეფასდეს.

"ფონდს უნდა ჰყოლოდა ერთი საბჭო, რომელიც იქნებოდა დამოუკიდებელი და ჩართული იქნებოდა საინვესტიციო პროექტების მონიტორინგში და დაიქირავებდა აქტივების მმართველ კომპანიას. თუმცა, მაშინ იყო ინტერესი რომ მინიმუმ ადმინისტრაციულ ნაწილში სახელმწიფოს ჰქონოდა მეტი კონტროლისა და ზედამხედველობის უნარი, ბოლო მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს საბჭო გაიყოს ორად. თუ დამოუკიდებელ საბჭოზე არის საუბარი იქ დამოუკიდებელი წევრები და ექსპერტები აუცილებლად უნდა იყვნენ და იქ ადგილი მინისტრების და მთავრობის წარმომადგენლების არ არის, ამიტომ გაჩნდა საბჭო, სადაც მინისტრები და სააგენტოს დირექტორი იკრიბებოდნენ და საინვესტიციო საბჭო, რომელიც ძირითადად უცხოელი ექსპერტებისგან შედგება. ამ გაყოფამ გამოიწვია დიდი კონფლიქტი ქვედა დინებებში რისკების, ინვესტიციების და მართვის თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს საკითხი არ იყო დალაგებული. აუცილებელი იყო ამ საბჭოების გაერთიანება,"- განაცხადა მარინა გულედანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები