მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოსთვის სახელის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია - მარინა გულედანი

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი, მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილება და მისთვის "საპენსიო ფონდის" დარქმევა მნიშვნელოვანი ცვლილებაა. გულედანი განმარტავს, რომ ფონდი საპენსიო სააგენტოს სახელს უფრო შეესაბამება, რადგანაც სააგენტო აღიქმება როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამ ორგანიზაციის ფორმატიდან გამომდინარე ფონდი უფრო შესაბამისი სახელია.

"ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდად გადაერქვა, უფრო სწორად ასახავს მის მოქმედების ბუნებას, რეგულირების სფეროს და ამ დაწესებულების ბუნებას. სააგენტო ჩემი გადასახედიდან უფრო მეტად ჰგავს ადმინისტრაციულ სახელს", - განაცხადა მარინა გულედანმა.

ამავე კანონპროექტით რიგი ცვლილებები შედის საპენსიო სააგენტოს მართვის სისტემაშიც. მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული საბჭო, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება, ამჟამად 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული და სწორედ ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უქმდება, მას ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო. ახალი საბჭო პასუხისმგებელი იქნება ფონდის მიერ როგორც ფონდის მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე, განსხვავებით არსებული სისტემისგან, როდესაც საინვესტიციო საბჭო უშუალოდ ინვესტირების პროცესზე არის პასუხისმგებელი. ამასთან, მცირდება ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში პარლამენტის წვლილი და ის მთავრობის მხარეს გადადის. ასევე უქმდება საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამჟამად ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებისგან არის დაკომპლექტებული. ამ ორი საბჭოს ფუნქციას, რისკის კონტროლის ფუნქციასთან ერთად ახალი საბჭო შეითავსებს, რომლის წევრთა რაოდენობაც 9-დან 15-მდე იქნება.

მარინა გულედანის მოსაზრებით, სააგენტოს საბჭოების გაერთიანების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი დადებითად უნდა შეფასდეს.

"ფონდს უნდა ჰყოლოდა ერთი საბჭო, რომელიც იქნებოდა დამოუკიდებელი და ჩართული იქნებოდა საინვესტიციო პროექტების მონიტორინგში და დაიქირავებდა აქტივების მმართველ კომპანიას. თუმცა მაშინ იყო ინტერესი, რომ მინიმუმ ადმინისტრაციულ ნაწილში სახელმწიფოს ჰქონოდა მეტი კონტროლისა და ზედამხედველობის უნარი, ბოლო მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს საბჭო გაიყოს ორად. თუ დამოუკიდებელ საბჭოზე არის საუბარი, იქ დამოუკიდებელი წევრები და ექსპერტები აუცილებლად უნდა იყვნენ და მინისტრების და მთავრობის წარმომადგენლების ადგილი იქ არ არის, ამიტომ გაჩნდა საბჭო, სადაც მინისტრები და სააგენტოს დირექტორი იკრიბებოდნენ და საინვესტიციო საბჭო, რომელიც ძირითადად უცხოელი ექსპერტებისგან შედგება. ამ გაყოფამ გამოიწვია დიდი კონფლიქტი ქვედა დინებებში რისკების, ინვესტიციების და მართვის თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს საკითხი არ იყო დალაგებული. აუცილებელი იყო ამ საბჭოების გაერთიანება", - განაცხადა მარინა გულედანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები