მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური რეფორმები უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის პოტენციური დაჩქარებას - დავითაშვილი

დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მომდევნო წლებში კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოების, ენერგეტიკული და წიაღის სექტორის რეფორმები აქტიურად გაგრძელდება. ლევან დავითაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამა წარადგინა და განაცხადა, რომ დაგეგმილი რეფორმები უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის პოტენციურ დაჩქარებას.

„ბიზნეს გარემოს გაჯანსაღების და სრულყოფის მიზნით გავაგრძელებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ბევრი მიმართულებით. ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ მომავალი წლების განმავლობაში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიან პროგრამის მომზადების პროცესს. ჩვენ ევროკომისიას, დათქმულ ვადაში - მიმდინარე წლის 15 იანვარს წარვუდგინეთ ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2024-2026 წლებისთვის. აღნიშნული მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მომდევნო წლებშიც, გაგრძელდება სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, კერძოდ აქტიურად გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოების, ენერგეტიკული და წიაღის სექტორების რეფორმები, ეს რეფორმები უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის პოტენციური დაჩქარებას, ასევე მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას და რაც მთავარია პროდუქტიულობის ზრდას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა შემდგომ წლებში გადასადგმელი ნაბიჯები დაასახელა: „გაფართოვდება ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, მხარდაჭერის ტრადიციულ მექანიზმებთან ერთად კომპანიების საინვესტიციო რესურსის ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით ახალი რესურსების მოზიდვის საშუალება ექნება. ჯამურად „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური რესურსის მხარდამჭერი პროგრამით 11 000-ზე მეტი საწარმო ისარგებლებს. მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება გაიზრდება და 20 წელიწადში 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

ქვეყანაში ამოქმედდება რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ქსელი, რომლითაც 12 000-ზე მეტი მეწარმე ისარგებლებს. კაპიტალის ბაზრის პროგრამის რეფორმის ფარგლებში „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, 2025-2028 წლებში ჩვენ დავიწყებთ სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 100-მდე ემისიის მხარდაჭერა მოხდება და 3 მლრდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზებას შევძლებთ.

სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით 3 კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ამოქმედდება, რომლის ჯამური მოცულობა 200 მლნ ლარამდე იქნება. შეიქმნება აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმა და ამ მიმართულებით 4 წლის განმავლობაში 10 მლრდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება მოხდება“, - განაცხადა მინისტრობის მოვალეობის შემსურლებელმა.

ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამებით მიღწეული შედეგებით იამაყა და აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს კერძო სექტორის განვითარება და პოტენციალი მაქსიმალური ათვისება წარმოადგენს.

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 700-ზე მეტი ახალი საწარმო შეიქმნა, 800 საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა.

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროცესში 2 600-ზე მეტმა საწარმომ მიიღო მონაწილეობა, ასევე ჯამურად საინვესტიციო მოცულობამ 4.4 მლრდ ლარს გადააჭარბა და აღნიშნული პროექტების ფარგლებში 43 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ჩვენ გვქონდა მიკროგრანტების პროგრამა, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც 16 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები