საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე კიდევ ერთ კონკურსს გამოაცხადებს. ამჯერად კონკურსის მიზანი სამშენებლო კონტრაქტორის შერჩევაა, რომელიც მილიარდიანი პროექტის საინჟინრო განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამართულ სხდომაზე "ინტერპელაციის" წესით მოსმენისას განაცხადა, რომ პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება $589 მილიონი დოლარია. აქედან უშუალოდ სახელმწიფოს თანამონაწილეობა რამდენი მილიონი იქნება, ეს ამჟამად ბოლომდე დაზუსტებული არაა, თუმცა 2023 წელს პროექტის სამშენებლო ხარჯებისთვის 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პროექტის ინვესტორის შესარჩევად მიმდინარე კონკურსში მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, მათგან ერთია ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, მეორე კი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ კომპანიებს კონფიდენციალურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათ სახელებს ვერ გააჟღერებს.
“შერჩეული გვყავს ბელგიური საინჟინრო კომპანია საზღვაო ინფრასტრუქტურის კუთხით. ეს არის კომპანია HAEDES-ი. ხელშეკრულების მიხედვით რამდენიმე კვირაში უნდა მომზადდეს ეს პროექტი და ჩვენ შევძლებთ უკვე სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას, ამას სახელმწიფო კომპანია წარმართავს და შეირჩევა კომპანია. უკვე ჩატარდა ინტერვიუები, ევროპულ წამყვან სამეულთან კომპანიების, რომლებიც საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან ლიდერები. ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, რათა სატენდერო პირობები დაზუსტდეს და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ასე რომ უკვე უახლოეს ხანებში ჩვენ ამ ტენდერს გამოვაცხადებთ და მიმდინარე წლის ბოლომდე, შევძლებთ მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც.
რაც შეეხება ფინანსებს, 2023 წლის ბიუჯეტში უკვე არის ასახული 23 მილიონი ლარი, იმ ნაწილზე, რა ნაწილსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი”, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება.
პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
ამასთანავე, გრძელდება ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან. ამ დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.