დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ შოთა ბერეკაშვილი აირჩიეს. ბიზნესმენი ბერეკაშვილი "ქართული ოცნების" სიის მე-16 ნომერი იყო, დღეს კი პარლამენტმა მისი როგორც დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნო. მისი დეკლარაცია BMG-მ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა. დოკუმენტი 2024 წლის 3 ოქტომბერს არის შევსებული.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შოთა ბერეკაშვილი და მისი ცოლი მაკა კვიციანი თბილისში მიწის ნაკვეთებსა და ბორჯომსა და ქუთაისში ბინებს ფლობენ. კერძოდ, მისი ცოლის საკუთრებაა თბილისში, ხახულის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი 1200 კვ.მ. და 708 კვ.მ ფართობის სახლი. ასევე ხახულის ქუჩაზე მდებარე 1196 კვ.მ. მიწის ნაკვეთია კვიციანის საკუთრებაში. თავად ბერეკაშვილი ფლობს 881 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში, უჩანეიშვილის ქუჩაზე.
რაც შეეხება სხვა ქონებას, შოთა ბერეკაშვილი და მისი ცოლი Toyota Landcruiser 200-ს, PORSHE-CAYENE-სა და HYUNDAI IONIQ-ს ფლობენ. ამას გარდა, ბერეკაშვილი ნაღდი ფულის სახით ინახავს 37 ათასს ლარსა და 40 ათას დოლარს. საბანკო ანგარიშებზე ფული მას დოლარში, ფუნტსა და ლარში აქვს. 310 ათასზე მეტს დოლარში ინახავს, ასევე 66 ათას ლარამდე აქვს ანაბარი გახსნილი საქართველოს ბანკში, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე ყველაზე დიდი თანხა 14 613 ლარი აქვს.
შოთა ბერეკაშვილს ოთხ კომპანიაში აქვს წილი, ხოლო მის ცოლს კი ექვსში. ესენია: შპს “ბკ ჰოლდინგი"; შპს "რიელ ესთეით სოლუშენი"; სს ნიუ დეველოპმენტი და შ.პ.ს ბკ კაპიტალი.