მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ავტოსადგურებს, შესაძლოა, ფინანსურად დაეხმაროს - დეპუტატი

ავტოსადგური

საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებს და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ - საქართველოს პარლამენტში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილება. გუშინ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე შედგა. კანონპროექტს ეკონომიკის სამინისტრო წარადგენს და ის საქართველოში მდებარე ავტოსადგურებისთვის და მგზავრთგადამყვანი ოპერატორებისთვის შესაბამისი რეგულაციების დაწესებას გულისხმობს. 

კანონპროექტის მიხედვით ავტოსადგურების კლასობრივი დაყოფა მოხდება. შესაბამისად ბიზნესსუბიექტებს ინფრასტრუქტურის განახლება და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით ავტოსადგურის კლასის ცვლილება მოუწევთ. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ავტოსადგური მხოლოდ ნებართვის მფლობელ გადამზიდველს უნდა მოემსახუროს. აგრეთვე, სადგურს გადამზიდველად საქმიანობა შეეზღუდება. 

"საქმის კურსის" კითხვაზე - რამდენად არის დღეს აღნიშნული ცვლილებებისთვის ბაზარი მზად და აქვთ თუ არა ფინანსური რესურსი ბაზრის მოთამაშეებს დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე გვპასუხობს, რომ საკითხზე კომუნიკაცია იყო ეკონომიკის სამინისტროსთან და მათგან არის მზაობა, რომ კერძო სექტორის ფინანსური დახმარება მოხდეს. 

“პირადად ეკონომიკის მინისტრთან და მოადგილესთან მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია და თუ დოკუმენტში ისეთი მოთხოვნა იქნება, რომლის დაკმაყოფილების ფინანსური რესურსი ავტოსადგურს არ ექნება, სამინისტრომ გამოხატა მზაობა, რომ მათ დოტაცია გაუკეთონ და მიეხმარონ ავტოსადგურს. თუმცა ეს იქ, სადაც უნდა გაკეთდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც უნდა მივა და მოითხოვოს დოტაციას. მერიებმა გაითვალისწინონ ერთი რამ - ახლა რომ მოინდომონ და გადაწყვიტონ  ავტოსადგურები ქალაქიდან გაიტანონ, ეს მგზავრს ბილეთის საფასურს გაუორმაგებს. მაგალითად მე რომ გადავიხადე კონკრეტული თანხა ბილეთში, ბათუმიდან თბილისამდე, იმ ტრანსპორტს მოვყავარ მეტრომდე ქალაქის ცენტრში. თუ ახლა ვიღაცას იდეა გაუჩნდა, რომ ავტოსადგური ქალაქის შემოგარენში გააკეთოს, ეს მგზავრს გადაადგილებას გაუძვირებს. ამას არ დავუშვებთ. ეგრე არ გამოვა”, - ამბობს ავთანდილ ენუქიძე. 

რამდენიმე თვის წინ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრი აცხადებდა, რომ რეფორმა საჭიროებს ინვესტიციებს და მთავრობა მზად არის განიხილოს მათ შორის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეღავათიანი დაფინანსების პროგრამა. უფრო მეტი დეტალი და განმარტება ამ კუთხით სამინისტროსგან ამ დრომდე არ ყოფილა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები