ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში 12 222 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის პროცედურა დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შესაბამისი ბრძანება 20 აგვისტოს გამოსცა.
ბრძანებით, ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად განისაზღვრა, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება მიენიჭა.
ექსპროპრიაციის ფარგლებში ჯამში 12 222 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხვდება. მათგან 605 კვ.მ მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, 1 546 კვ.მ - სოფელ ანაკლიაში, კიდევ 64 კვ.მ - დარჩელში, ხოლო 10 007 კვ.მ - სოფელ კიროვში. ზოგიერთ ნაკვეთზე ექსპროპრიაცია ასევე მოიცავს არსებულ აქტივებს, მათ შორის ღობესა და მრავალწლიან ნარგავებს.
მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ აღნიშნული ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე მოლაპარაკებების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამის გამო ქონების გამოსყიდვა შეუძლებელი გახდა და პროექტის განხორციელებისთვის ექსპროპრიაციის გზით საკუთრების ჩამორთმევის საჭიროება წარმოიშვა.
ამასთან, ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება თავად არ ნიშნავს საკუთრების საბოლოო ჩამორთმევას. დოკუმენტის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოს უნდა მიმართოს. ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე მხარეებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხი სასამართლოში განიხილება.
გამოსასყიდი მიწის ფართობი სულ 1.7 მილიონი კვადრატული მეტრია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტისთვის 1 720 553 კვ.მ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს.
მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა ასევე მოიცავს დაურეგისტრირებელ მიწებზე არსებული აქტივების - შენობა-ნაგებობების, ხე-მცენარეებისა და ერთწლიანი კულტურების საკომპენსაციო ღონისძიებებს. დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ფარგლებში პირველ ექვს თვეში 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო განსახლების გეგმით გათვალისწინებული საერთო ბიუჯეტი წელს 40.14 მილიონ ლარს შეადგენს.
ამასთან, უშუალოდ გზის მშენებლობისთვის საჭირო ტენდერის გამოცხადება 2027 წელს იგეგმება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით სასესხო ხელშეკრულება ამ დროისთვის გაფორმებული არ არის და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის განვითარების პარტნიორის განსაზღვრის მიმართულებით.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტის პროგნოზირებული ღირებულება 327 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც მიწების გამოსყიდვის, ისე სამშენებლო სამუშაოების ხარჯებს. 2026 წელს პროექტისთვის 45 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული, საიდანაც 19 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია.
მინისტრის ბრძანების თანახმად, პროექტი ითვალისწინებს ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი დაახლოებით 19.5 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა და 17.5 კილომეტრი სიგრძის რკინიგზის მშენებლობას. გზისა და რკინიგზისთვის საერთო დერეფანია განსაზღვრული, რომელიც ძირითადად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, მცირე მონაკვეთი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურს მოიცავს.
პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა 2020 წლის 15 აპრილს გაიცა და ის ითვალისწინებს 17.5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზისა და დაახლოებით 19.5 კილომეტრის საავტომობილო გზის მშენებლობას.
საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი იწყება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან, გაივლის სოფელ ორულს, დიდ ნეძს, დიხაგუძუბასა და სოფელ ერგეთას, საიდანაც ანაკლიის მიმართულებით გაგრძელდება.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 5 ესტაკადის, 11 გადასასვლელისა და 35 წყალგამტარი არხის მოწყობა.





























