მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ანაკლიის პორტის კერძო ოპერატორების ტენდერის პირობების შესადგენად კონსულტანტები დაიქირავა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტომ პორტის ტერმინალების კერძო ოპერატორების შერჩევის პროცესისთვის ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია დაიქირავა. კომერციულ-ფინანსურ მიმართულებაზე ნიდერლანდური Maritime & Transport Business Solutions B.V. (MTBS) იმუშავებს, ტექნიკურ საკითხებზე კი Port and Corridor Solutions (PCR).

MTBS-ის მომსახურების ღირებულება $116,300, ხოლო PCR-ის €100,300-ს შეადგენს. კონსულტანტების ძირითადი ამოცანა ინტერესთა გამოხატვის (SOI) და სატენდერო დოკუმენტაციის (RFP) მომზადება, ასევე პოტენციური ოპერატორების ფინანსური და ტექნიკური კვალიფიკაციის შეფასებაა.

ოპერატორების შერჩევა ორი დამოუკიდებელი, თუმცა პარალელური პროცესით განხორციელდება. ცალკე შეირჩევა საკონტეინერო ტერმინალის, ხოლო ცალკე ნაყარი და ზოგადი ტვირთების ტერმინალის ოპერატორი. შერჩევის პროცესი მიმდინარეობს ე.წ. Landlord Port Model-ის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც პორტის ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას კი კერძო კომპანიები განახორციელებენ.

კონსულტანტებმა SOI-ის საბოლოო ვერსია ხელშეკრულებების გაფორმებიდან ორ კვირაში უნდა მოამზადონ. RFP-ისა და შესაბამისი საკონტრაქტო დოკუმენტაციის მომზადების, ასევე სხვა გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა 2026 წლის 24 დეკემბერია.

კერძო ოპერატორების შერჩევა იმ მოდელის ნაწილია, რომლითაც მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას გეგმავს. 2026 წლის 1 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტის მშენებლობას სახელმწიფო განახორციელებს, ხოლო ნავმისადგომებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ საპორტო ინფრასტრუქტურის გრძელვადიან იჯარაში კერძო ლოგისტიკური ჯგუფების ჩართვა იგეგმება. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, კერძო ოპერატორების მიერ სატერმინალო ინფრასტრუქტურაში დაახლოებით $350-400 მილიონი ინვესტიციის განხორციელებაა მოსალოდნელი.

პარალელურად, სახელმწიფო აგრძელებს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას. 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის მომავალ წელს 155 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 125 მილიონი ლარი უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის, ტალღმტეხელისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოებზე, ხოლო 30 მილიონი ლარი პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობაზე უნდა დაიხარჯოს.

პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წლის აგვისტოში ბელგიურ Jan De Nul-თან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში დაიწყო. კონტრაქტის საწყისი ღირებულება $204 მილიონი იყო, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე ის $153 მილიონამდე დაკორექტირდა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2026 წელს 50 მილიონი ლარის, ხოლო 2027 წელს 125 მილიონი ლარის გადახდაა დაგეგმილი.

პორტთან მისასვლელად ასევე საჭიროა 18-კილომეტრიანი გზისა და რკინიგზის მშენებლობა. გზის პროექტის საერთო ღირებულებად 442 მილიონი ლარია განსაზღვრული. 2027 წლისთვის პროექტზე 30 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, 2028 წელს 150 მილიონი ლარის, 2029 წელს 170 მილიონი ლარის, ხოლო 2030 წელს 40 მილიონი ლარის.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გზის მშენებლობის დასრულება 2030 წელს არის დაგეგმილი, მაშინ როდესაც მთავრობის განცხადებებით, ანაკლიის პორტმა პირველი გემები 2029 წელს უნდა მიიღოს. დოკუმენტის თანახმად, პროექტის დაფინანსებაზე მთავრობა აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები