ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ითვალისწინებს Panamax-ის, Post-Panamax-ის და Bosphorus Max-ის კატეგორიის გემების მიღებას. ამ კატეგორიებში შედის რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის საკონტეინერო გემები, რომელთა ტევადობა რამდენიმე ათასი TEU-დან 10,600 TEU-მდე მერყეობს. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ანაკლიის პორტი სწორედ 10,600 TEU-ს ზომის კონტეინერმზიდებზე იქნება გათვლილი, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ მოცულობას იმ გემებისას, რომლებიც ამჟამად შავ ზღვაში შემოდიან. თუმცა, თავის მხრივ, კონტეინერების ეს რაოდენობა დაახლოებით 2.4-ჯერ ნაკლებია მსოფლიოში ამჟამად უდიდესი კონტეინერმზიდი გემის MSC Irina-ს ტვირთამწეობასთან, რომელსაც 24,346 TEU-ს გადაზიდვა შეუძლია. მაგრამ აღნიშნული ზომის ხომალდები შავ ზღვაში არ ასრულებენ ამჟამად გადაზიდვებს.
ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის, ზურაბ სიჭინავას განცხადებით, პორტის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოების შედეგად ფსკერის სიღრმე 17.5 მეტრამდე იქნება და პორტს აღნიშნული კატეგორიის გემების მიღება შეეძლება.
„შედეგად, მივიღებთ 17,5 მეტრამდე დაღრმავებულ ფსკერს, რაც შესაძლებლობას იძლევა, პორტმა მიიღოს ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის მქონე გემები, როგორიც არის Panamax-ი, Post Panamax-ი და Bosphorus Max-ი“, – განაცხადა სიჭინავამ.
რა ზომის გემებზეა საუბარი
Panamax-ის კატეგორიის გემების სიგრძე 294 მეტრამდეა, სიგანე – 32.3 მეტრამდე, ხოლო გემის სიღრმე – 12 მეტრამდე. მათი ტევადობა დაახლოებით 4,500-4,800 TEU-ს შეადგენს.
Post-Panamax-ის გემების სიგრძე 295-დან 320 მეტრამდეა, სიგანე დაახლოებით 32.3-42 მეტრი, ხოლო სიღრმე – 11-14.5 მეტრი. ამ კატეგორიის გემების ტევადობა დაახლოებით 4,800-6,800 TEU-ს შეადგენს.
Bosphorus Max-ის კატეგორია 320 მეტრზე მეტი სიგრძის გემებს მოიცავს. მათი სიგანე დაახლოებით 48-49 მეტრია, სიღრმე კი 14.5 მეტრამდე. გზშ დოკუმენტაციაში ამ კატეგორიის გემებისთვის დაახლოებით 9,000-10,600 TEU-ის ტევადობაა მითითებული.
| გემის კატეგორია | სიგრძე | სიგანე | გემის სიღრმე | დაახლოებით ტევადობა |
|---|---|---|---|---|
| Panamax | 294 მ-მდე | 32.3 მ-მდე | 12 მ-მდე | 4,500–4,800 TEU |
| Post-Panamax | 295–320 მ | 32.3–42 მ | 11–14.5 მ | 4,800–6,800 TEU |
| Bosphorus Max | 320 მ-ზე მეტი | 48–49 მ | დაახლოებით 14.5 მ | 9,000–10,600 TEU |
ანაკლიის პორტის განახლებული პროექტით, პირველი ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია 10,600 TEU-მდე ტევადობის საკონტეინერო გემების მომსახურება.
რაც შეეხება ამჟამად მსოფლიოს უმსხვილეს კონტეინერმზიდს მისი სიგრძეა 400 მეტრი; სიგანე 61.3 მეტრი; სიღრმე კი 17 მეტრი და მას 24,346 კონტეინერტის გადაზიდვა შეუძლია.
ამჟამად პორტის აკვატორიის დაღრმავება მიმდინარეობს
პორტის ამ პარამეტრების უზრუნველსაყოფად აკვატორიის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოებში კომპანიის ორი ხომალდი მონაწილეობს.
პირველი ხომალდი, Tristao Da Cunha, ამჟამად ტალღმტეხელების ძირში ნიადაგის გაუმჯობესებისთვის საჭირო დაღრმავების სამუშაოებს ასრულებს.
„Tristao Da Cunha ახორციელებს ტალღმტეხების ძირში ნიადაგის გაუმჯობესების შესაბამის დაღრმავების პროცედურებს. ეს არის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძეზე, ხმელეთის მხრიდან 3 მეტრამდე დაღრმავება, სადაც მოხდება ნიადაგის გაუმჯობესება, ქვიშის ღორღით ჩანაცვლება“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ხომალდი აკვატორიის დაღრმავებაზე გადაინაცვლებს. აგვისტოს ბოლოს კი მას Jan De Nul-ის ფლოტის მეორე ხომალდი, Al Idrisi, შეუერთდება.
„Tristao Da Cunha-სთან ერთად იმუშავებს ასევე Al Idrisi, რომლებიც ერთად დაიწყებენ აკვატორიის და შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოებს“, – აღნიშნა სიჭინავამ.
მთავრობამ პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის დაღრმავების პარამეტრები შეამცირა - თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, პორტი კვლავ მიიღებს 10,600 კონტეინერის გადაზიდვის შესაძლებლობის მქონე გემებს
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ წარდგენილი განახლებული გზშ დოკუმენტაციის მიხედვით, 2025 წელს შეთანხმებულ პროექტთან შედარებით პორტის ზოგიერთი საზღვაო პარამეტრი შეიცვალა.
ფსკერდაღრმავების სამუშაოების მოცულობა 7.5 მილიონი კუბური მეტრიდან 5.25 მილიონ კუბურ მეტრამდე მცირდება, რაც დაახლოებით 30%-იანი შემცირებაა. ასევე მცირდება საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი – 113.1 ჰექტრიდან 105 ჰექტრამდე.
მისასვლელი არხის სიგრძე 2 კილომეტრიდან 1.8 კილომეტრამდე მცირდება, ხოლო სიგანე 230 მეტრზე რჩება. არხის გარანტირებული სიღრმე მინუს 20.31 მეტრიდან მინუს 18 მეტრამდე იცვლება.
მოსაბრუნებელი აუზის რადიუსი დაახლოებით 270 მეტრია, ხოლო მისი გარანტირებული სიღრმე -17.21 მეტრიდან -15.20 მეტრამდე მცირდება. ამავე დროს, ტალღმტეხელის სიგრძე 1,370 მეტრიდან 1,376 მეტრამდე იზრდება.
| პარამეტრი | შეთანხმებული პროექტი (2025) | განახლებული პროექტი (2026) |
|---|---|---|
| ფსკერდაღრმავების მოცულობა | 7.5 მლნ მ³ | 5.25 მლნ მ³ |
| საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი | 113.1 ჰა | 105 ჰა |
| მისასვლელი არხის სიგრძე | 2,000 მ | 1,800 მ |
| მისასვლელი არხის სიგანე | 230 მ | 230 მ |
| არხის გარანტირებული სიღრმე | -20.31 მ | -18 მ |
| მოსაბრუნებელი აუზის რადიუსი | 270–271 მ | 270 მ |
| მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე | -17.21 მ | -15.20 მ |
| ტალღმტეხელის სიგრძე | 1,370 მ | 1,376 მ |
განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, ამოღებული მასალის სრული მოცულობის წყალქვეშა კანიონში განთავსებაა დაგეგმილი და სახმელეთო ტერიტორიის ამაღლება აღარ არის გათვალისწინებული.
სიჭინავას განცხადებით, ტალღმტეხელი და დაღრმავებული აკვატორია ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა.
„ტალღმტეხელი და შესაბამისად, დაღრმავებული აკვატორია უზრუნველყოფს ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომის, 700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობას. ასევე, ის სრულად თავსებადია შემდგომ ფაზებთან და იძლევა მშრალი ნაყარი ტვირთებისთვის დამატებით 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების მშენებლობის შესაძლებლობას“, – განაცხადა მან.
პორტის მშენებლობის განახლებული მოდელი
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების მოდელიც შეიცვალა. 2026 წლის ივლისში მთავრობამ განაცხადა, რომ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას სახელმწიფო განახორციელებს. ამისთვის საერთაშორისო დონორებისგან დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებაა დაგეგმილი.
ნავმისადგომების მშენებლობის შემდეგ სახელმწიფო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფებზე გრძელვადიანი იჯარით გაცემას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო ოპერატორების მიერ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაახლოებით 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციაა მოსალოდნელი.
ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე Jan De Nul 2024 წლის აგვისტოდან მუშაობს. თავდაპირველი კონტრაქტის ღირებულება 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების ღირებულება 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
კონტრაქტის ღირებულების ცვლილება პროექტის საზღვაო პარამეტრების შეცვლას უკავშირდება, მათ შორის, ფსკერიდან ამოსაღები მასალის მოცულობის, მისასვლელი არხის სიგრძისა და მისი გარანტირებული სიღრმის შემცირებას.




























