მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების სამუშაოები 30%-ით მცირდება - განახლებული პროექტი

ქვრივიშვილი ანაკლიაში

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს "ანაკლიის საღვაო ნავსადგურის" მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განახლებული გზშ დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს დამტკიცებულ პროექტთან შედარებით, პორტის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მოცულობა, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი და მისასვლელი არხის სიგრძე და სიღრმე შემცირდება.

უფრო დეტალურად, პორტის მისასვლელი არხის; მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხელის საერთო ფართობი 113.1 ჰექტარიდან 105 ჰექტარამდე მცირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს ეხება. სააგენტოსთან 2025 წელს შეთანხმებული პროექტი დაახლოებით 7.5 მილიონი კუბური მეტრი ფსკერული მასალის ამოღებას ითვალისწინებდა, ხოლო განახლებული პროექტით ეს მაჩვენებელი 5.25 მილიონ კუბურ მეტრამდე მცირდება რაც 30%-იანი შემცირებაა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ამოღებული მასალის სრული მოცულობა წყალქვეშა კანიონში განთავსდება და სახმელეთო ტერიტორიის ამაღლება აღარ იგეგმება.

მისასვლელი არხის სიგრძე 2 კილომეტრიდან 1.8 კილომეტრამდე მცირდება, ხოლო მისი გარანტირებული სიღრმე მინუს 20.31 მეტრიდან მინუს 18.0 მეტრამდე იცვლება. ამავე დროს, მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე -17.21 მეტრიდან -15.20 მეტრამდე მცირდება, ხოლო მისი რადიუსი 270 მეტრი პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

ანგარიშის მიხედვით, ტალღმტეხის სიგრძე, პირიქით, 6 მეტრით იზრდება და 1 376 მეტრს აღწევს, თუმცა ცვლილება მხოლოდ წყალქვეშა საყრდენ ნაწილს ეხება და კონსტრუქციის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტალღმტეხის წყალზედა ნაწილის პარამეტრები უცვლელი რჩება.

პროექტის ძირითადი პარამეტრები — ძველი და ახალი ვერსია

პარამეტრი სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი (2025) განახლებული პროექტი (2026) ცვლილება
ფსკერდაღრმავების მოცულობა 7.5 მლნ მ³ 5.25 მლნ მ³ -30.0%
საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 113.1 ჰა 105.0 ჰა -7.2%
მისასვლელი არხის სიგრძე 2 000 მ 1 800 მ -10.0%
მისასვლელი არხის სიგანე 230 მ 230 მ უცვლელი
მისასვლელი არხის გარანტირებული სიღრმე -20.31 მ -18.00 მ -11.3%
მოსაბრუნებელი აუზის რადიუსი 270–271 მ 270 მ პრაქტიკულად უცვლელი
მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე -17.21 მ -15.20 მ -11.6%
ტალღმტეხის სიგრძე 1 370 მ 1 376 მ +0.4% (+6 მ)
ტალღმტეხის კონსტრუქცია ქვანაყარი, X-ბლოკებით ქვანაყარი, X-ბლოკებით უცვლელი
ტალღმტეხის თხემის ნიშნული +1.47 მ +1.47 მ უცვლელი

ანგარიშში განმარტებულია, რომ პარამეტრების ცვლილება საპროექტო და საოპერაციო მაჩვენებლების, ასევე დაზუსტებული ჰიდროლოგიური, გეოლოგიური და ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე განხორციელდა. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, პირველი ფაზის ფარგლებში კვლავ გათვალისწინებულია 10,600 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურება.

საზღვაო პარამეტრების ცვლილებების პარალელურად, პროექტს ემატება რამდენიმე დროებითი დამხმარე ინფრასტრუქტურული ობიექტი. მათ შორისაა დროებითი ნავმისადგომის (Jetty) მოწყობა, სამშენებლო ტექნიკის სამრეცხაო, ბეტონის ქარხნისთვის მესამე სილოსისა და დამატებითი რეზერვუარების განთავსება, სახელოსნო, სახიფათო ნარჩენების დროებითი საცავი, ინერტული მასალების საწყობის გადახურვა და ნავთობპროდუქტების საცავში დამატებითი დიზელის რეზერვუარის მოწყობა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს საკუთარი შენიშვნების დაფიქსირება 18 აგვისტომდე შეუძლიათ.

2026 წლის პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.

ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

2024 წლის აგვისტოდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფსკერის დარღმავების და საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი მუშაობს. თავდაპირველი კონტრაქტი 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა როგორც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი ის 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა. როგორც ახლა ირკვევა, კონტრაქტის ღირებულების შემცირება დაკავშირებულია იმასთან, რომ კომპანია 7.5 მილიონი კუბური მეტრი მასალის ნაცვლად ფსკერიდან 5 მილიონ კუბურ მეტრ მასალას ამოიღებს, 2000 მეტრიდან 1800 მეტრამდე მცირდება არხის სიგრძე; ხოლო არხის გარანტირებული ფსკერის ნიშნული მინუს 20.31 მეტრიდან მინუს 18 მეტრამდე მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები