საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელის ფარგლებში, საკონტეინერო და სხვა სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციას კერძო ოპერატორები განახორციელებენ, რომლებიც პორტში მოიჯარეების სტატუსით იმუშავებენ.
მინისტრმა ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ ახალი მოდელით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის როლები მკაფიოდ არის გამიჯნული. სახელმწიფო იქნება პორტის 100%-ის მფლობელი, პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობად 1.1 მილიარდი დოლარი არის განსაზღვრული, საიდანაც 350-400 მილიონი დოლარი სწორედ კერძო მოიჯარეების მიერ განსახორციელებელი ინვესტიციები იქნება. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილს განცხადებით, სახელმწიფო დიდ ყურადღებას დაუთმობს კერძო ინვესტორების - ქვემოიჯარეების შერჩევას.
"რაც შეეხება ინვესტორების მხრიდან გასაწევ ინვესტიციებს: ინვესტორები, ანუ ის კომპანიები, სახელმწიფოები, რომლებიც იქნებიან ჩვენი პარტნიორები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, ასევე მინდა განვმარტო, რომ ეს არ იქნება წილობრივი პარტნიორობა, დღეს არაერთხელ განმარტეთ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ ვთქვა, რომ ეს იქნება 100% სახელმწიფოს მფლობელობის პორტი, თუმცა, როგორც პორტის მფლობელს ჩვენ გვეყოლება რამდენიმე პარტნიორი ოპერატორის სახით, არაწილობრივი პარტნიორობით, არამედ შეიძლება დავარქვათ ქვემოიჯარე, რომელიც თავის ნაწილში ოპერირებას გაუწევს შესაბამისი კატეგორიის ტერმინალს. იქნება ეს საკონტეინერო ტერმინალი თუ იქნება ეს მშრალი და ნაყარი ტვირთების, რა თქმა უნდა, პროფილიდან და ტვირთის კატეგორიიდან გამომდინარე. ამდენად, ინვესტორებს და ოპერატორებს მოუწევთ, რომ მათ მიერ ოპერირებადი ტერმინალები თავად მოაწყონ, აღჭურვონ და სწორედ ეს იქნება დაახლოებით 350-დან 400 მილიონ დოლარამდე საჭირო ინვესტიცია, რომელიც იქნება მობილიზებული კერძო ოპერატორების მხრიდან.
ამდენად, პროექტი განვითარდება სახელმწიფოსა და კერძო ოპერატორების საინვესტიციო, ასე ვთქვათ, ვალდებულებებით, სადაც სახელმწიფოს ექნება თავისი როლი და რა თქმა უნდა კერძო ოპერატორებს ექნებათ მათი როლი, უშუალოდ რომ მოაწყონ ის ინფრასტრუქტურა, რომლის ოპერირებასაც განახორციელებენ. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ პარტნიორის შერჩევას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ჩვენთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ასეთი სტრატეგიული ობიექტი ყოფილიყო სახელმწიფოს საკუთრებაში, ერთი, მეორე, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა აბსოლუტურად ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს პორტის ოპერირების დროს, მათ შორის იქნება ეს კომერციული თუ საოპერაციო, და მესამე, ჩვენთვის იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ინტერესების კონსოლიდაცია, მათი ტვირთების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გავხადოთ მთავარი რგოლი შუა დერეფნის კონტექსტში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშილმა.
პროექტის ჯამურ საინვესტიციო მოცულობად 1.1 მილიარდი დოლარი არის განსაზღვრული, ხოლო დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილების ფონზე უშუალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 200 მილიონი დოლარით მეტის დახარჯვა მოუწევს. ამ თანხის მოზიდვაზე სახელმწიფო მოლაპარაკებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს.
„დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე – ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩართულობის, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პოტენციური ოპერატორების მხრიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ინვესტიცია სამ ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდება. მისი თქმით, პირველი მიმართულება უკვე მიმდინარე საზღვაო სამშენებლო სამუშაოებია.
„სამი მიმართულებით მოახდენს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. პირველი ეს გახლავთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დაღრმავებით და ტალღმტეხის სამუშაოებს გულისხმობს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მეორე მიმართულებაა ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
„მეორე გახლავთ რკინიგზისა და დამაკავშირებელი გზის მოწყობა, რომელიც წინა მოდელშიც აქტუალური იყო და აღნიშნულ მოდელშიც აქტუალურად რჩება,“ – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, სწორედ ახალი განვითარების მოდელიდან გამომდინარე ემატება მესამე კომპონენტი, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.
„შემოდის ახალი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს უშუალოდ ძირითადი და ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის ნავსადგომებისა და სხვა მნიშვნელოვანი თანამდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს არის ის ახალი კომპონენტი, რომლისთვისაც დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს სახელმწიფო და დამატებით მოახდენს ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.
აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.
ანაკლიის პორტის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების მიზნით, ასევე პორტის ტალღმტეხის მოწყობისთვის 2024 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობასა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. 2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პირველადი კონტრაქტის ღირებულების 52 მილიონი დოლარით შემცირებას მიაღწია. ამჟამად პორტში სწორედ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს.




























