მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის "ლენდლორდის" მოდელით აშენება სწორი გადაწყვეტილებაა, ეს პოზიტიური სიგნალია დასავლეთისთვისაც - თარიმანაშვილი

ჯაბა თარიმანაშვილი

ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ე.წ. „ლენდ-ლორდის“ მოდელით აშენება სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორც “ტრანს ლოგისტიკას” დირექტორმა ჯაბა თარიმანაშვილმა BMG-ს საკითხის შეფასებისას განუცხადა, ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ პორტი სწორი კონკურენციის პრინციპებით განვითარდეს.

“ტრანს ლოგისტიკას” დირექტორი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მათ შორის სწორი სიგნალია დასავლელი პარტნიორებისთვის, რომელთა ინტერესშია, რომ ანაკლიის პორტის განვითარება დასავლურ პრინციპებთან თანხვედრაში მოხდეს.

„ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სწორი, სტრატეგიულად მომწიფებული და ერთადერთი რეალური გზა. ასევე არის უაღრესად პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნულ-ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ასევე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. “ლენდლორდის” მოდელი არის მსოფლიო ბანკის პორტების რეფორმის სახელმძღვანელოში და არის გლობალურად ყველაზე აპრობირებული, წარმატებული მოდელი, რომლითაც მუშაობენ როტერდამის, ანტვერპენის, სინგაპურის და ა.შ. უმსხვილესი პორტები. მოდელი თავის თავში მოიაზრებს, რომ სახელმწიფო ფლობს მიწას, აკვატორიას, ტალღმტეხს და ძირითად მისადგომებს, ამ შემთხვევაში საღუზო წერტილები იგულისხმება. ხოლო ტერმინალები და ნავმისადგომები იჯარით გადაეცემა სხვადასხვა კერძო ოპერატორებს, რაც თავის მხრივ ქმნის გარკვეულ კონკურენციას, რომ არ იყოს ერთი ოპერატორი, არ დააწესოს არაკონკურენტული ფასები და შესაბამისად, [შუა] დერეფნის კონკურენტუნარიანობას არ შეექმნას საფრთხე.“

ასევე ეს მოდელი არის პოზიტიური გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, შეიძლება ითქვას საუკეთესო წინაპირობაა დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის. რადგან ჩვენ ვხვდებით, რომ დასავლეთი ყურადღებით აკვირდება ამ პროექტს და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოდელი თანხვედრაში იყოს დასავლურ ღირებულებებთან. როდესაც სახელმწიფო ხდება პორტის მესაკუთრე, ეს არის ფაქტობრივად სუვერენული გარანტია, რომ ისეთი კომპანია არ იქნება მართვაში, რომელიც შეიძლება დასავლეთთან არ იყოს პრინციპებთან თანხვედრაში, ან იყოს სანქცირებული, ან სხვა მიზეზები ჰქონდეს იმისა, რომ დასავლური ინვესტიციების მოზიდვაში შეგვიშალოს ხელი.

როდესაც იქმნება პლატფორმა, რომელსაც ფლობს სახელმწიფო, ეს არის ერთის მხრივ სუვერენული გარანტია, მეორეს მხრივ სიგნალი იმისა, რომ სახელმწიფო არცერთი კერძო ოპერატორის გავლენის ქვეშ არ აქცევს აღნიშნულ ობიექტს. მაგრამ ამავე დროს აღნიშნულ პლატფორმაზე ეძლევა საშუალება სხვა მოთამაშეებს, დასავლურ მოთამაშეებს, ევროპულ-ამერიკულ კომპანიებს და მათ შორის ცენტრალური აზიის მოთამაშეებს, რადგან ძირითადი ტვირთნაკადები როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიედინება, ასევე დასავლეთიდან აღმოსავლეთში. ამიტომ ჩვენი მთავარი როლი არის საერთაშორისო ფუნქციის შესრულება, როგორც აღმოსავლეთს შევუქმნათ პლატფორმა საქმის კეთებისთვის და კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, ასევე დასავლეთს შევუქმნათ პირობა ისე, რომ კონკრეტულად არცერთი მოთამაშის ინტერესების გავლენის ქვეშ არ მოექცეს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც როგორც მსოფლიო ბანკის სტანდარტებს შეესაბამება, ასევე პოზიტიური სიგნალია დასავლელი პარტნიორების მიმართ”, - განაცხადა ჯაბა თარიმანაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებს და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს. შესაბამისად, პროექტში აღარ იქნება ჩართული კერძო სტრატეგიული ინვესტორი და არც ჩინური CCCC, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ იყო შერჩეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები