ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ზომების შემცირების ინიციატივამ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანხმობა მოიპოვა. შესაბამისი სკრინინგის განცხადება შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სააგენტოში 2026 წლის 5 აგვისტოს წარადგინა, ხოლო სააგენტომ ცვლილებაზე გადაწყვეტილება 20 აგვისტოს, N602/ს ბრძანებით მიიღო.
განახლებული პროექტის მიხედვით, 2025 წელს შეთანხმებულ ვერსიასთან შედარებით მცირდება პორტის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მოცულობა, საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი, მისასვლელი არხის სიგრძე და სიღრმე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის ხელახლა წარდგენას არ საჭიროებს.
რა იცვლება პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურაში
განახლებული პროექტით, მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის/აუზისა და ტალღმტეხის საერთო ფართობი დაახლოებით 113.1 ჰექტრიდან 105 ჰექტრამდე მცირდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს ეხება. მათი მოცულობა დაახლოებით 7.5 მილიონი კუბური მეტრიდან 5.25 მილიონ კუბურ მეტრამდე მცირდება, ანუ დაახლოებით 30%-ით. განახლებული პროექტის მიხედვით, ამოღებული ფსკერული მასალის სრული მოცულობა ზღვაში, წყალქვეშა კანიონში განთავსდება.
მისასვლელი არხის სიგრძე 2,000 მეტრიდან 1,800 მეტრამდე შემცირდება. არხის სიგანე უცვლელი რჩება, ხოლო გარანტირებული სიღრმე ბალტიის ზღვის დონიდან 20.31 მეტრიდან 18 მეტრამდე მცირდება.
ცვლილება ასევე ეხება მოსაბრუნებელ ადგილს/აუზს. მისი რადიუსი დაახლოებით 271 მეტრიდან 270 მეტრამდე მცირდება, ხოლო გარანტირებული სიღრმე 17.21 მეტრიდან 15.20 მეტრამდე იქნება.
ამასთან, ტალღმტეხის სიგრძე 1,370 მეტრიდან 1,376 მეტრამდე იზრდება. სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, დამატებითი 6 მეტრი მხოლოდ წყალქვეშა საყრდენ ნაწილს ეხება და კონსტრუქციის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.
პროექტის ძირითადი პარამეტრები
| პარამეტრი | სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი | განახლებული პროექტი | ცვლილება |
|---|---|---|---|
| ფსკერდაღრმავების მოცულობა | 7.5 მლნ მ³ | 5.25 მლნ მ³ | -30% |
| საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი | 113.1 ჰა | 105 ჰა | -7.2% |
| მისასვლელი არხის სიგრძე | 2,000 მ | 1,800 მ | -10% |
| მისასვლელი არხის სიგანე | 230 მ | 230 მ | უცვლელი |
| მისასვლელი არხის გარანტირებული სიღრმე | -20.31 მ | -18.00 მ | შემცირება |
| მოსაბრუნებელი აუზის რადიუსი | 270–271 მ | 270 მ | პრაქტიკულად უცვლელი |
| მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე | -17.21 მ | -15.20 მ | შემცირება |
| ტალღმტეხის სიგრძე | 1,370 მ | 1,376 მ | +6 მ |
სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრების ოპტიმიზაციის შედეგად ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების შემცირება გარემოზე ზემოქმედების რამდენიმე კომპონენტის კლებასაც უკავშირდება. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაოების შემცირებული მასშტაბისა და ხანგრძლივობის პირობებში შემცირდება გამონაბოლქვი, ხმაური და ვიბრაცია.
პროექტს დროებითი ინფრასტრუქტურაც ემატება
საზღვაო ინფრასტრუქტურის შემცირების პარალელურად, განახლებული პროექტი რამდენიმე დროებითი დამხმარე სამშენებლო ობიექტის მოწყობას ითვალისწინებს.
მათ შორისაა ტალღმტეხის მიმდებარედ დროებითი ნავმისადგომის ტიპის პლატფორმა, სამშენებლო ტექნიკის სამრეცხაო, ბეტონის საწარმოში დამატებითი სილოსისა და რეზერვუარების მოწყობა, სახელოსნო და სახიფათო ნარჩენების საცავი, ინერტული მასალის საწყობის გადახურვა და დიზელის საწვავის დამატებითი, 20-ტონიანი რეზერვუარი.
დროებითი ნავმისადგომის ტიპის პლატფორმა სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 100-130 მეტრში, ზღვაში განთავსდება და მისი გამოყენება საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის ტალღმტეხისა და ფსკერდაღრმავების სამუშაოების უზრუნველსაყოფად იგეგმება. სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, მისი მოწყობის სამუშაოები არაუმეტეს ორი კვირა გაგრძელდება.
სააგენტოს შეფასებით, ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების დაახლოებით 30%-ით შემცირების ფონზე, მთლიანობაში, წყალქვეშა ხმაურის დატვირთვაც შემცირდება. ამასთან, სააგენტო მიუთითებს, რომ ახალი დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობისას შესაბამისი გარემოსდაცვითი და მონიტორინგის პირობების დაცვა სავალდებულო იქნება.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ ანაკლიის პორტის I ფაზის ექსპლუატაციის პირობების დაგეგმილი ცვლილება დამატებითი გზშ-ის ანგარიშის წარდგენას არ საჭიროებს. ამასთან, კომპანიას კვლავ ეკისრება 2023 წლის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და შემდგომი სკრინინგის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული პირობების შესრულების ვალდებულება.
სააგენტოს გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს დამატებითი ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით დროებითი ნავმისადგომის, მშენებლობისა და დემონტაჟის პროცესში ბიომრავალფეროვნებაზე, მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე, შესაძლო ზემოქმედების მართვა და შესაბამის გეგმებში მისი ასახვა.

2026 წლის პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.
ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
2024 წლის აგვისტოდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფსკერის დარღმავების და საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი მუშაობს. თავდაპირველი კონტრაქტი 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა როგორც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი ის 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა. როგორც ახლა ირკვევა, კონტრაქტის ღირებულების შემცირება დაკავშირებულია იმასთან, რომ კომპანია 7.5 მილიონი კუბური მეტრი მასალის ნაცვლად ფსკერიდან 5 მილიონ კუბურ მეტრ მასალას ამოიღებს, 2000 მეტრიდან 1800 მეტრამდე მცირდება არხის სიგრძე; ხოლო არხის გარანტირებული ფსკერის ნიშნული მინუს 20.31 მეტრიდან მინუს 18 მეტრამდე მცირდება.




























