საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას თავად გეგმავს. ახალი მოდელით, პორტის 100%-ის წილი სახელმწიფო საკუთრებაში იქნება და მთავრობა მეიჯარის როლს შეასრულებს - მოიწვევს რამდენიმე უცხოურ კომპანიას, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აშენებულ საპორტო ინფრასტრუქტურაში მოაწყობენ ტერმინალებს და გრძელვადიანი იჯარით იოპერირებენ.
ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, პროექტის ამ სახით განხორციელებას $200 მილიონი დოლარით მეტი დასჭირდება, ვიდრე წინა პროექტს. ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ამ ახალი კონცეფციის ფარგლებში დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით. ამასთან, მთავრობა ინარჩუნებს პირობას, რომ პორტი გემებს 2029 წელს მიიღებს.
თავის მხრივ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განუყოფელი ნაწილია ახალი რკინიგზა და გზა, რომლის გარეშეც პორტში ვერც ტვირთი და ვერც მეზღვაურები ვერ მოხვდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ პორტის ნავსადგურების განვითარების პარალელურად, გზის და რკინიგზის დასრულება და ოპერირებაში შეყვანა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.
როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი საკრედიტო დაფინანსების მოზიდვაზე ADB-სთან მართავს მოლაპარაკებებს. BMG-იმ ADB-ს მიმართა კითხვით თუ რა ეტაპზეა აღნიშნული მოლაპარაკებები, სადაც აღნიშნეს, რომ ახალი კონცეფციის ფარგლებში მოლაპარაკებები ჯერ ადრეულ ეტაპზეა.
გარდა უშუალოდ პორტის მშენებლობის დაფინანსებისა, საქართველოს მთავრობა ADB-თან უკვე რამდენიმე წელია მართავს მოლაპარაკებებს პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის დაფინანსებასთან დაკავშირებით. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამ მიმართულებით უფრო ხელშესახები პროგრესია, თუმცა არ არის ცნობილი, თუ როდის მოხდება ADB-ის მმართველი საბჭოს მიერ აღნიშნული კრედიტის დამტკიცება.
ამჟამად, ანაკლიაში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყლის ფსკერის დარღმავების, ნაპირის მოწყობის, პორტის დამცავი ტალღმტეხელის მოწყობის მიმართულებით, რასაც $150 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტით ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროგნოზირებული ღირებულებაა 327 მილიონი ლარი, რაც მოიცავს როგორც მიწების გამოსყიდვის, ასევე სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას, ხოლო უშუალოდ 2026 წელს ამ მიმართულებით 45 მილიონი ლარის დახარჯვა არის განსაზღვრული. ბიუჯეტის შესრულების 5 თვის ანგარიშის თანახმად, პერიოდის განმავლობაში პროექტზე დაგეგმილი იყო 17.4 მილიონი ლარის დახარჯვა, ხოლო ფაქტობრივად დახარჯული თანხები შეადგენდა 13.8 მილიონ ლარს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში BMG-ის განუმარტეს, რომ ეს თანხები ძირითადად განსახლებასა და მიწების გამოსყიდვაზე მიიმართა. თავის მხრივ მთავრობა ამ პროექტის ADB-ის კრედიტით დაფინანსებას გეგმავს, თუმცა ორგანიზაციას შესაბამისი სესხი დამტკიცებული არ აქვს.
რაც შეეხება პორტამდე მისასვლელ რკინიგზას, მის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად მისი ბიუჯეტიც ჯერჯერობით საჯაროდ უცნობია.
BMG-იმ გადაამოწმა პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, გზის და რკინიგზის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა ჯერ კიდევ 2020 წლის 15 აპრილს გაიცა, რაც მოიცავს 17.5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზის და 19.5 კილომეტრის საავტომობილო გზის მშენებლობას.
საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი იწყება ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან, გაივლის სოფელ ორულს, დიდ ნეძს, დიხაგუძუბას და სოფელ ერგეთას, საიდანაც ანაკლიისკენ მიიმართება.
პროექტის თანახმად, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საჭიროა 5 ესტაკადის მოწყობა, ასევე 11 გადასასვლელის და 35 წყალგამტარი არხის მოწყობა. განმარტების თანახმად, რკინიგზა გათვლილია წლიურ 14 მლნ ტონა ტვირთის გატარებაზე, ხოლო დღე-ღამეში 11 შემადგენლობის მიღებაზე. პროექტის თანახმად, გზას ორი ზოლი ექნება და მისი სიგანე 6 მეტრი იქნება, ხოლო რკინიგზა კი ერთლიანდაგიანი იქნება.





























