ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის ახალი "ლენდლორდის" მოდელით ასაშენებლად, სახელმწიფო პროექტისთვის საჭირო დამატებითი 200 მილიონი დოლარის მობილიზებას ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან გეგმავს. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი შეცვალა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord Port) მოდელით განხორციელდება, რომლის მიხედვითაც პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მართვაში სხვადასხვა საერთაშორისო კერძო ოპერატორი ჩაერთვება.
BMG-ის კითხვაზე პასუხისას მარიამ ქვრივიშილმა განაცხადა, რომ პორტის განხორციელების მოდელის ცვლილება პირდაპირ აისახება პროექტის დაფინანსების მოცულობაზე და სახელმწიფოს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას წარმოშობს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პორტის პირველი ფაზის სრულად სახელმწიფო მოდელით განხორციელება დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებას საჭიროებს.
„ახალი მოდელიდან გამომდინარე, დაახლოებით მოუწევს სახელმწიფოს 200 მილიონი დოლარის დამატებითი თანხის მობილიზება. დღეს შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ძალიან დიდი ეკონომია გვაქვს გაკეთებული მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ტალღმტეხსა და დაღრმავებით სამუშაოებზე. 50-52 მილიონი დოლარის ოპტიმიზაცია განხორციელდა და ნაცვლად 250 მილიონი დოლარისა, სახელმწიფო დამატებით 200 მილიონ დოლარს მოამობილიზებს იმისთვის, რომ შეცვლილი მოდელიდან გამომდინარე დამატებითი ინფრასტრუქტურა დააფინანსოს.
დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე – ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩართულობის, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პოტენციური ოპერატორების მხრიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ინვესტიცია სამ ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდება. მისი თქმით, პირველი მიმართულება უკვე მიმდინარე საზღვაო სამშენებლო სამუშაოებია.
„სამი მიმართულებით მოახდენს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. პირველი ეს გახლავთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს დაღრმავებით და ტალღმტეხის სამუშაოებს,“ – განაცხადა მინისტრმა.
ანაკლიის პორტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 1.1 მილიარდი დოლარის ფარგლებში არის პროგნოზირებული.
ანაკლიის პორტის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების მიზნით, ასევე პორტის ტალღმტეხის მოწყობისთვის 2024 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობასა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. 2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პირველადი კონტრაქტის ღირებულების 52 მილიონი დოლარით შემცირებას მიაღწია. ამჟამად პორტში სწორედ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ ეკონომიაზე განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე და მიუთითა, რომ ამ ეკონომიის გათვალისწინებით ბიუჯეტს 250 მილიონით მეტის ნაცვლად, მხოლოდ 200 მილიონი დოლარით მეტის დახარჯვა მოუწევს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.
აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.




























