ბათუმში ყინულის მოედნის, საცურაო აუზისა და სპორტ-კომპლექსის მშენებლობის 54-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის თანახმად, პროექტი განხორციელდება ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე 24,563 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე, სადაც ამჟამად უკვე არსებობს ყინულის მოედნის ძველი შენობა, რომელზეც ახალი ყინულის მოედანი უნდა დაშენდეს, მის მიმდებარედ კი საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი მოეწყოს.
სატენდერო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველ კომპანიას 2018 წლის შემდგომ შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 130 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები, საიდანაც ერთი პროექტის ღირებულება მაინც უნდა აჭარბებდეს 30 მილიონ ლარს. ამასთან, პრეტენდენტს განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული მოედნის მშენებლობის პროექტი.
ტენდერში წინადადებების მიღება 11 აპრილს იწყება და 16 აპრილს მთავრდება.