ქალაქი მუდმივად იცვლება — ძველი და ახალი არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის, არსებული სივრცეები ახალ ფუნქციას იძენს და ჩნდება სხვადასხვა საჭიროება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ქალაქი ისე განვითარდეს, რომ ადამიანებისთვის უფრო ფუნქციური, კომფორტული და მდგრადი გარემო შექმნას.

ბაუმერი თბილისის არქიტექტურის ფორუმის ერთ-ერთი პარტნიორი იყო. საინჟინრო კომპანიისთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ქალაქებისა და შენობების განვითარება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართულობას მოითხოვს. არქიტექტორების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების პროფესიული დიალოგი ხელს უწყობს განსხვავებული გამოცდილებისა და ახალი მიდგომების რეალურ პროექტებში გამოყენებასა და დანერგვას.
ეს მიდგომა არის ბაუმერის საქმიანობის საფუძველიც. არქიტექტურული სივრცის მიღმა საინჟინრო ეკოსისტემა დგას — ხშირად უხილავი, თუმცა გადამწყვეტი შენობის ფუნქციურობის, უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობისა და კომფორტისთვის. ამიტომ, აუცილებელია ტექნიკური გადაწყვეტილებები პროექტის საწყის ეტაპზევე, არქიტექტურულ კონცეფციასთან კოორდინირებულად დაიგეგმოს. ერთიანი ხედვა კი ყველა კომპონენტის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.
18–20 სექტემბერს გამართული 2026 წლის ფორუმის მთავარი თემა — „Places in Transition“ — ცვლილების პროცესში მყოფ სივრცეებს მიეძღვნა. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები საუბრობდნენ კულტურულ მემკვიდრეობაზე, კლიმატურ გამოწვევებზე, ახალ ტექნოლოგიებზე, ურბანულ განვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება არსებულმა გარემომ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს.
თბილისის არქიტექტურის ფორუმი ქართველ და საერთაშორისო პროფესიონალებს თანამედროვე ქალაქების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო აერთიანებდა. საერთაშორისო მონაწილეების ჩართულობა ადგილობრივ პროფესიულ საზოგადოებას საშუალებას აძლევს, გაეცნოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილ ცოდნას, პრაქტიკასა და მიდგომებს და ქალაქის მომავალთან დაკავშირებული საკითხები უფრო ფართო კონტექსტში განიხილოს.

საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდნენ OMA-ს, Allies and Morrison-ის, Carlo Ratti Associati-ის, Groupwork-ის, Alcova-ს, Bofill-ის, Chapman Taylor-ის, RIBA-სა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
“ბაუმერისთვის და მისი პროექტირების მიმათულების კომპანია ლეიაუთისთვის, ასეთი ფორუმების მხარდაჭერა პროფესიული გარემოს განვითარებაში მონაწილეობასაც ნიშნავს ” - განაცხადა ბაუმერის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ია მოდებაძემ. “სივრცე, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოცდილებას, ცოდნასა და ახალ იდეებს ერთმანეთს უზიარებენ, ხელს უწყობს უფრო გააზრებული მიდგომების ჩამოყალიბებას და, საბოლოოდ, უკეთესი, თანამედროვე და ადამიანზე მორგებული გარემოს შექმნას.”























