მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bavaria-ს მწარმოებელი Royal Swinkels-ი ქართულ "ყაზბეგს", "აისის" და სხვა ბრენდებს ყიდულობს

Royal Swinkles

ნიდერლანდების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლუდის მწარმოებელმა Royal Swinkels-მა საქართველოში $63-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. Royal Swinkels-მა საქართველოს კაპიტალისგან 63 მილიონ დოლარად შეიძინა კომპანია "გლობალ ბიერ ჯორჯიას", 80%-იანი წილი. თავად "გლობალ ბიერ ჯორჯია" ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორია. კომპანიის აქტივებს შორისაა ლუდის ქარხანა და ბრენდები "ყაზბეგი", "შავი ლომი", "კაიაკი", "აისი", ასევე საერთაშორისო ბრენდების "Heineken"-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა ბრენდების წარმოებისა და დისტრიბუციის ლიცენზიები.

თავად Royal Swinkles-ი ნიდერლანდებში Heineken-ის შემდეგ ლუდის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შემოსავალიც 2023 წელს 1.12 მილიარდი ევრო იყო. კომპანიის ბრენდებს შორისაა Bavaria და Swinkels-ი.

"საქართველოს კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტრანზაქცია შედგება ერთობლივი კომპანიის მეშვეობით, რომელიც ნიდერლანდებში იქნება რეგისტრირებული, საუბარია კომპანია Dutch Holdco-ზე, რომელშიც GCAP-ი იქნება მინორიტარი 20%-იანი აქციონერი, ხოლო Royal Swinkels-ი 80%-იანი წილის მფლობელი იქნება. ამასთან, ტრანზაქციის შეთანხმება ითვალისწინებს Royal Swinkels-ის მიერ "გლობალ ბიერ ჯორჯიაში" დარჩენილი 20%-იანი წილის გამოსყიდვასაც.

GCAP-ის განცხადების თანახმად, "გლობალ ბიერ ჯორჯიას" 80%-იანი წილის რეალიზაციით მისაღები შემოსავლის მოცულობა 63 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ხელშეკრულებას ესაჭიროება საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანხმობა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება სააგენტომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

თავად "გლობალ ბიერ ჯორჯიას" ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 86 მილიონი ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგებამ 4.2 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 122.7 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 113.6 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები