მთავრობამ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ ერთ სუბიექტს მიანიჭა.
1763-ე განკარგულების მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, კონკრეტულად კი გერგეტში სტატუსი ინდმეწამეს მიანიჭეს, რომელიც ხინკალს აწარმოებს.
ცნობისთვის, მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო (ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირი), რომელიც საქმიანობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში და აქვს მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ამ სტატუსის მქონე პირი 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება, რაც პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე ვრცელდება.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება სუბიექტის განაცხადის საფუძველზე ხდება, ხოლო სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია როგორც სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, ასევე შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სტატუსის ცვლილებისთვის მიმართავს მთავრობას, რომელიც ამტკიცებს სტატუსის მინიჭებას, შეჩერებასა თუ შეწყვეტას.




























