იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსი. ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევები 2009-2010 წლების პანდემიის H1N1 ტიპის ვირუსის, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა არის H3N2 ტიპის ვირუსი.
„ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია - ტემპერატურის მკვეთრი მატება 38 და უფრო მეტი გრადუსი, ძლიერი სისუსტე კუნთების, სახსრების, ძვლების, ყელის, თავის ტკივილი ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით შედარებით განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისგან, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს - ომიკრონისგან. მას არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებშიც შესაძლებელია ომიკრონის დროსაც მაღალი ცხელება დაფიქსირდეს. ასე რომ მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება ეს არის გრიპი თუ კორონავირუსი, ამიტომ იმ პაციენტებთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოთავსება მოუწევთ, აუცილებელი იქნება ამ დიფერენცირების ჩატარება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია. გრიპის და კორონავირუსის მკურნალობა სრულიად სხვადასხვაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
მისი თქმით, თუკი კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებთან მიმართებით ნაკლებად ფიქსირდებოდა, გრიპთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა. ივანე ჩხაიძის თქმით, წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც საუბარია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 2 წლამდე ასაკის ბავშვი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება.
„გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია გართულებებისა და გამოსავლის მიხედვით, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს. ამიტომ, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
მისი განმარტებით, ზოგადად ჯანმო 2022-2023 წლების სეზონზე სამი ტიპის ვირუსის გააქტიურებაზე საუბრობს და ჯანდაცვის სისტემას ურჩევს, რომ ყურადღება გაამახვილოს გრიპზე, კორონავირუსზე და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსზე.
„რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება და 2 წლამდე ბავშვებს აზიანებს, იწვევს სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე ბრონქოლიტს ან ფილტვების ანთებას. ამიტომ, თუ შარშან საუბარი იყო ორი ვირუსის: კორონავირუსის და გრიპის ერთდროულად არსებობაზე ჯანმო და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე მესამე ვირუსს ამატებს, რისი მაგალითიც აშშ-ში რამდენიმე კვირაა აღინიშნება“, -აცხადებს ჩხაიძე.