მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გრიპის ვირუსის სტატისტიკა პანდემიამდე მდგომარეობას უბრუნდება“ - ივანე ჩხაიძე

64354d7ab730a
სალომე ხიდურელი
11.04.23 16:16
757
„ეს კვირა გამორჩეულია, ვინაიდან, ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად არ გამოვლენილა ლაბორატორიულად გრიპის არც ერთი შემთხვევა“ - ამ საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონური მატება, რომელიც საქართველოში სტატისტიკურად ნოემრიდან მარტი-აპრილის ბოლომდე ფიქსირდება ხოლმე, უკვე დასრულდა. გრიპის შემთხვევის არარსებობა, გარკვეულწილად, მიუთითებს, რომ პანდემიამდე პერიოდში არსებული გრიპის ვირუსის სტატისტიკა ისევ სტანდარტულ სახეს იღებს.

შარშან გრიპის შემთხვევები გვქონდა აპრილშიც, მაისშიც, ზაფხულის განმავლობაში და ამის უკან, რა თქმა უნდა, კორონავირუსი იდგა. წელს პირველი წელია, როცა პანდემიამდე მდგომარეობას ვუბრუნდებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გრიპის სეზონი დასრულდა“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება კორონავირუსს, ექიმი ვარაუდობს, რომ კოვიდ19-ის იშვიათი შემთხვევები წლის განმავლობაში კვლავ გამოვლინდება.

„ვფიქრობთ, რომ განსხვავებით გრიპის ვირუსისგან, კორონა ვირუსი იქნება მთელი წლის განმავლობაში, ერთეული, იშვიათი შემთხვევები, თუმცა ამ ვირუსს არ ახასიათებს სეზონურობა. შესაძლოა, გვქონდეს მატება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, თუმცა არა ისე, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის მანძილზე არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდეს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში ლაბორატორიულად გამოვლენილ ვირუსებს შორის, კორონავირუსის ხვედრითი წილი 2,4%-ია, როცა დეკემბერ-იანვარში ანალოგიური მაჩვენებელი 25-დან 35%-მდე მერყეობდა. ივანე ჩხაიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის მონაცემებით ფიქსირდება რინო და ადენო ვირუსების სიჭარბე, რომელთა ხვედრითი წილიც 50%-ია.

„რინო და ადენო ვირუსები გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებსაც არ ახასიათებთ მძიმე მიმდინარეობა, გართულებები ფილტვების ანთების სახით ნაკლებია. ამ ვირუსების აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევებში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობის მართვა სახლის პირობებშიც შეიძლება“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

მედიკოსის პროგნოზით, ზემოაღნიშნული ტენდენციები გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები