საქართველოში წარმოებული სამოსის ბრენდი “რკო”, რომელიც ბავშვის ტანსაცმელს და აქსესუარებს კერავს, ექსპორტის არეალს აფართოებს. ქართული წარმოების სამოსი ამჯერად აშშ-ის ბაზარზე შევიდა, - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა თამარ მესარკიშვილმა Bm.ge-სთან ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული საბავშვო სამოსის 80% ექსპორტზე საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ამერიკაში, გერმანიაში, იაპონიასა და ახლა უკვე აშშ-ში გადის.
"აშშ-ისთვის პირველი შეკვეთა გავუშვით და გვიხარია, რომ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ამასთან, ჩინეთის მიმართულებითაც გააქტიურება უფრო მეტად გვსურს, რადგან ძალიან საინტერესო ბაზარია და კოვიდის პერიოდში დიდი ცვლილება მოხდა, რაც შეკვეთების მოცულობაზე აისახა”, - ამბობს ის.
დამფუძნებელმა ისიც აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, ბრენდს წარმადობა 10-15%-ით გაეზარდა.
“შემოდგომა-ზამთრის კოლექციის დამატებით ჩვენი წარმოება გაიზარდა. შესაბამისად, მეტი შეკვეთა გვაქვს; ასევე არსებულმა კონტრაქტორებმა გაგვიზარდეს შეკვეთების მოცულობა, როგორიცაა ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორი Caramel London და Smallable (საფრანგეთი)”, - დასძინა მან.
თამარ მესარკიშვილმა გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიას ფასების მატება მოუწია.
“სამწუხაროდ, მოგვიწია ფასების გაზრდა, რადგან ჩვენი პროდუქცია მოიცავს შესასყიდ ძაფებს. ასევე გვყავს მუშახელი, ბაზარზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება ჩვენს საფასო პოლიტიკაზე, რაც შეეხება სირთულეებს, კომპანია, პირველ რიგში, დაბრკოლებებს ნედლეულთან დაკავშირებით აწყდება, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ვერაფერს ვიძენთ; ასევე, პრობლემად რჩება მუშახელის დეფიციტიც”, - ამბობს ის.
ცნობისთვის: ბავშვის სამოსის ბრენდი “რკო” 2016 წელს დაარსდა, ბრენდი ბავშვის ყველანაირ ტანსაცმელსა და აქსესუარებს - ქუდებს, ხელთათმანებს, ჩანთებსა და ნაქარგიან საყელოებს კერავს. დასაქმებულთა რაოდენობა შეკვეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ხანდახან ეს რიცხვი 80-ს აღწევს. ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია “რკოს” ე.წ. შოუ რუმში, რომელიც ბარნოვის N94-ში მდებარეობს და ბრენდის სოციალური ქსელების მეშვეობით.