მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, გერმანულმა Bayer-მა კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სასამართლო დავა წააგო. ამის გამოც შტატ მიზურის სასამართლომ კომპანიას ოთხი მოსარჩელე მხარისთვის $1.56 მილიარდის მოცულობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება Bayer-ის მიერ გამოშვებულ ქიმიურ პრეპარატ Roundup-ს უკავშირდება, რომელიც ძირითადად სახლებში გამოიყენება, არასასურველ ადგილას ამოსული სარეველა ბალახების მოსაშორებლად. მოსარჩელე მხარემ მოახერხა სასამართლოს დარწმუნება, რომ Bayer-ის მიერ შექმნილი ეს ქიმიკატი რამდენიმე დაავადებას, მათ შორის სიმსივნეს იწვევს.
ოთხი მოსარჩელიდან სამს - ჰოჯკინის ლიმფომა განუვითარდა, ხოლო კიდევ ერთი მოსარჩელე კომპენსაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად მიიღებს, რომელიც მას მისი მეუღლის მოვლის გამო მიადგა. საერთო ჯამში, პირველი სამი მოსარჩელე, ჯამში, კომპენსაციის სახით $61.1 მილიონს მიიღებს, მაგრამ სადამსჯელო სანქცია გაცილებით უფრო დიდია და თითოეულ ადამიანზე ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო დავების წაგება გერმანული კომპანიისთვის ერთგვარ ტენდენციად იქცა, რადგან სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ Bayer-ი მიჯრით ოთხ სასამართლო დავაში დამარცხდა. ამის ფონზე, გერმანულმა ფინანსურმა ორგანიზაცია Union Investment-მა, რომელიც Bayer-ის ერთ-ერთი უდიდესი აქციონერია, კომპანიის მესვეურებს სასამართლო დავებში მორიგების სტრატეგიის არჩევისკენ მოუწოდა.
Bayer-ის აქციონერების ამგვარი კრიტიკა გასაგებიცაა, რადგან სასამართლო დავებში დამარცხება კომპანიის რეპუტაციაზე და საბაზრო შეფასებაზე უარყოფითად აისახება. მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნულ დავაში Bayer-ის დამარცხების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კომპანიის აქციების ფასმა ერთბაშად ლამის 20%-ით იკლო, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $36.9 მილიარდამდე შემცირდა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.