კრაფტ ლუდის მწარმოებელმა კომპანია Bayo Brewery-მ ლუდის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის სასწავლო პროგრამა შექმნა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა გიორგი მარუაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, კურსების შექმნის გადაწყვეტილება სექტორში კადრების ნაკლებობის გამოწვევამ განაპირობა.
მისი თქმით, ლუდის წარმოების მიმართულებით ოფიციალური განათლების მიღების შესაძლებლობა ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ კომპანია თავად იწყებს ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას. პროგრამა მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სემინარებს.
“დავიწყეთ პრაქტიკული ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ლუდის წარმოების მთელი პროცესი. ჩვენ ვუზიარებთ მათ ჩვენს გამოცდილებას. გარდა ამისა, თეორიული კურსიც გვაქვს იმ ადამიანებისთვის, ვისაც თეორიული ცოდნის მიღება სურთ”, - აღნიშნავს მარუაშვილი.
სემინარები კვირაში ერთხელ ტარდება. ამ დროისათვის უკვე ოთხი შეხვედრა ჩატარდა, რომლებშიც ჯამში 14 მონაწილე იყო ჩართული. თითოეული სემინარი 8-9 საათს გრძელდება და მონაწილეები საწარმოში ლუდის წარმოების სრულ ციკლს ესწრებიან.
რაც შეეხება საფასურს, მარუაშვილის ინფორმაციით, ერთი სემინარის ღირებულება 150 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო სრული კურსის შემთხვევაში, რომელიც თორმეტ კვირას, ანუ 12 გაკვეთილს მოიცავს (მათ შორის 3 პრაქტიკულ გაკვეთილს), დაახლოებით 1 500–2 000 ლარის ფარგლებში იმერყევებს.




























