სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანია „ბაზალტ ფაიბერსი“ აშშ-ში ექსპორტისთვის ემზადება და რუსთავში საწარმოს აფართოებს.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ განაცხადა, რუსთავში მდებარე საწარმოს გაფართოებაში 0.5 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდება.
"ბაზალტ ფაიბერსის" ისტორია 1998 წლიდან იწყება, როდესაც რუსთავში ბაზალტის ქვისგან ძაფის საწარმო ამოქმედდა. 2006 წელს კი, კომპანიის მენეჯმენტმა, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, გერმანიაში, ქალაქ ზანგერჰაუზენში გახსნა საწარმო და ბაზალტის ძაფებისგან დამზადებული სამშენებლო მასალების წარმოებები ქართულ-გერმანულ ჰოლდინგში გააერთიანა.
"2024 წლის გეგმებში გვაქვს საექსპორტო ქვეყნების გაფართოება. გვსურს, აშშ-ის ბაზარზე შევიდეს. ამისთვის გვჭირდება მეტი და მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოება. სწორედ ამიტომ წელს, დამატებით 3000 კვ/მ ფართობზე ახალი საწარმოო ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ; ძირითადად, საკუთარი სამშენებლო მასალებით ვაფართოებთ რუსთავში არსებულ საწარმოს, ამიტომ 0.5 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია გვყოფნის“, - თქვა პაატა გოგოლაძემ.
"ბაზალტ ფაიბერსი" ბაზალტის ქვისგან ბაზალტბოჭკოვანი სამშენებლო მასალების ექსპორტს ექვს ქვეყანაში ახორციელებს. ესენია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ავსტრია, ნიდერლანდები და სამხრეთ აფრიკა.
როგორც „წერტილში“ პაატა გოგოლაძემ განაცხადა, ქართულ-გერმანული ჰოლდინგი „ბაზალტ ფაიბერსი" გერმანიაში არსებულ საწარმოს, ძირითადად, ახალი პროდუქტების კვლევა-განვითარებისთვის იყენებს, ხოლო რუსთავის საწარმოს - ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის პროდუქციის წარმოებისთვის.
მისივე ინფორმაციით, 2023 წელს „ბაზალტ ფაიბერსმა“ პროდუქციის რეალიზაციით 5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.