სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანია „ბაზალტ ფაიბერსმა“ 2023 წელს 5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ განაცხადა.
„ბაზალტ ფაიბერსი" ბაზალტის ქვისგან ბაზალტბოჭკოვანი სამშენებლო მასალების ექსპორტს ექვს ქვეყანაში ახორციელებს. ესენია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ავსტრია, ნიდერლანდები და სამხრეთ აფრიკა.
„2022 წელთან შედარებით, შარშან პროდუქციის რეალიზაცია გავაორმაგეთ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ 2022 წელს ექსპორტის წილი 22% იყო, 2023 წელს წარმოებული პროდუქციის 72% ექსპორტზე გავიდა. ჯამში, შარშან კომპანიის შემოსავალი 5 მლნ ლარი იყო“, - განაცხადა პაატა გოგოლაძემ და იქვე დასძინა, რომ მეტი პროდუქციის რეალიზაციისთვის წარმოების გაზრდა სჭირდებათ, რაშიც წელს 0.5 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავენ.
"ბაზალტ ფაიბერსის“ 2024 წლის გეგმებში აშშ-ში ექსპორტის დაწყება შედის.
„ბაზალტ ფაიბერსის" ისტორია 1998 წლიდან იწყება, როდესაც რუსთავში ბაზალტის ქვისგან ძაფის საწარმო ამოქმედდა. 2006 წელს კი, კომპანიის მენეჯმენტმა, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, გერმანიაში, ქალაქ ზანგერჰაუზენში გახსნა საწარმო და ბაზალტის ძაფებისგან დამზადებული სამშენებლო მასალების წარმოებები ქართულ-გერმანულ ჰოლდინგში გააერთიანა.