მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზარი არარეგისტრირებულ ყველს მიაქვს, სრული განუკითხაობაა“ - შპს „ლეანკა“

645cfba50acb8
სალომე ხიდურელი
12.05.23 10:16
5150
„არავითარი დოკუმენტაცია ბაზარში წარმოდგენილ ყველის პროდუქციაზე, არავითარი ინფორმაცია, თუ სად და რისგანაა წარმოებული ესა თუ ის რძის პროდუქტი, არ არსებობს“, - ეს ის პრობლემებია, რომელთა შესახებაც BM.GE-სთან „ქართული რძის ნიშნის ასოციაციის“ წარმომადგენელი და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შპს „ლეანკას“ დირექტორი ქეთევან ჩალახეშაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, საწარმოები, რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით მუშაობენ, ბაზარზე მომრავლებულ არარეგისტრირებულ საწარმოებს პროდუქციის ფასებით კონკურენციას ვერ უწევენ.

„ბაზრები არარეგისტრირებულ ყველს მიაქვს. ამის ფონზე, ქარხნები, რომლებიც ოფიციალურად ვართ დარეგისტრირებული და ვმუშაობთ ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით, ძალიან ვზარალდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე არარეგისტრირებულში, შესაბამისად, რეალიზაციის ფასებს შორის სხვაობაც ძალიან დიდია.

მაგალითად, როდესაც რეგისტრირებული ქარხნები ხელშეკრულებით ვყიდულობთ რძეს, ერთი ლიტრის ჩასაბარებელი ფასი 1,9-2 ლარია. ამ დროს ბაზარში 1კგ სულგუნის ფასი 13 ლარზეა ჩამოსული. ჩვენ ამას კონკურენციას ვერ ვუწევთ, რომ ბაზარში საკუთარი პროდუქტი შევიტანოთ, სულგუნის თვითღირებულება 16 ლარია ჩვენთვის და 13 ლარად როგორ გავყიდით?“ - ამბობს ქეთევან ჩალახეშაშვილი.

შპს „ლეანკას“ დირექტორმა BM.GE-სთან რძის პროდუქტების ქსელურ მარკეტებში რეალიზაციის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაყიდვების მაჩვენებელი დაცემულია.

„ამჟამად ქარხნისთვის აქტიური პერიოდია, ყველაზე მეტი რაოდენობის რძე გვაქვს და დღეში 6-7 ტონას ვამუშავებთ. ამ დროს რეალიზაცია გვიჭირს, როცა ბაზარში სულგუნი 13 ლარში იყიდება, მე რომ ქსელში შემაქვს ჩემი პროდუქტი, რომელიც თავის მხრივ ფასს ამატებს, მომხმარებელი აღარ ინტერესდება მისი წარმომავლობით და ბაზარში ყიდულობს, ამიტომ ქსელში რეალიზაცია მიზერულ დონეზეა დაცემული. აღარანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, პროდუქტი რომ ნატურალური ქართული რძისგანაა დამზადებული, ბაზარში კი რძის პროდუქტი რა ნედლეულისგანაა წარმოებული, ამას ვერავინ გეტყვით“, - ამბობს ქეთევან ჩალახეშაშვილი.

მისი თქმით, „ქართული რძის ნიშნის“ ასოციაციამ შესაბამის ორგანოებს ამ პრობლემის გადაჭრისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა პროცესში არავითარი წინსვლა არ ჩანს, წლების განმავლობაში კი გამოწვევები არ იცვლება.

რაც შეეხება შპს „ლეანკას“, რძის პროდუქტების საწარმო დედოფლისწყაროში მდებარეობს და მის შესაქმნელად 1.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიის დირექტორის ცნობით, მათი წარმოებული ყველი, სულგუნი და არაჟანი სრულად „ფრესკოს“ ფილიალებში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები