„ვფიქრობთ, შევჯერდით ყველაზე ეფექტიან გზაზე, რომ ერთი მხრივ მომხმარებელმა ზუსტად განასხვაოს, რომელია რძისგან და რომელი მცენარეული ცხიმისგან დამზადებული პროდუქტი და მეორე მხრივ, ბიზნესს ეს მძიმე ტვირთად არ დაწვეს, - ასე აფასებს რძის პროდუქტების ბაზარზე ახალ რეგულაციებს „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კონიაშვილი.
მისი თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო პროდუქციის სამი განსხვავებული ტიპის პიქტოგრამის შემოტანაზე, თუმცა მსჯელობისას მხოლოდ 2 განსხვავებული ფერით მარკირებაზე მოხდა შეთანხმება.
„თავიდან საუბარი იყო რამდენიმე ტიპის პიქტოგრამაზე. ვთქვათ, ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტზე უნდა ყოფილიყო რაღაც ერთი ფერის მანიშნებელი, მშრალი რძითა და კარაქის გამოყენებით დამზადებულ პროდუქციაზე მეორე ფერი, ხოლო მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტებზე - მესამე. თუმცა, ამას საბოლოო ჯამში ვერ ექნებოდა კარგი შედეგი. პირიქით, ნეგატიურ შედეგს გამოიწვევდა, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტი კანონით დაშვებულია, ეს არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ წარმოადგენს და ზოგისთვის შეიძლება მცენარეული ცხიმით დამზადებული უფრო უკეთესიც იყოს, ვიდრე ცხოველურით“, - ამბობს კონიაშვილი.
მისი თქმით, ასევე მოხდა შეთანხმება პროდუქციის განცალკევებულად განთავსებაზე.
„ჩვენმა ასოციაციამ წერილობითაც კი მიწერა, რომ გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზებთან გვექნებოდა საქმე და ხშირ შემთხვევაში ეს შეუსრულებელი მისიაც იყოს რომელიმე მცირე მარკეტისთვის. თუმცა, როგორც ვისაუბრეთ, საუბარი შეიძლება იყოს არა ფიზიკურად დახლებით მათ გამოყოფაზე, არამედ დახლზე მათი პიქტოგრამით გამოყოფაზე. მყიდველს უკვე ეცოდინება, რომელი პროდუქტია მცენარეული ცხიმით დამზადებული და რომელი ნატურალური თუ მშრალი რძით. მომავალი გვიჩვენებს, როგორ იმუშავებს ეს რეგულაციები, რადგან არც ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება და არც სახელმწიფოს“, - აცხადებს კონიაშვილი.
რძის პროდუქტების ბაზარზე ახალი რეგულაციები შემოდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს, რომ ნედლი რძისა და მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების განცალკევება მოხდეს. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. ასევე, სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო ქსელებში კი აღნიშნული პროდუქტები განცალკევებით განთავსდება. როდიდან ამოქმედდება რეგულაცია უცნობია.




























