ბაზარი ორბელიანზე 2 მაისს ახალი დესერტების ობიექტი „ციზი ჩიზქეიქი“ გაიხსნა. პროექტი, რომლის იდეაც ლიზი ალიბეგაშვილს ეკუთვნის და მომხმარებელს ჩიზქეიქების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. როგორც ის BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ახალი სივრცე წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და მომხმარებლის უკუკავშირს დაეფუძნა.
„ციზი ჩიზქეიქი“ ბაზარი ორბელიანის შუაგულში პატარა ვარდისფერ სივრცედ არის წარმოდგენილი, რომელიც, როგორც დამფუძნებელი ამბობს, ყოველდღიურ რუტინაში პატარა სიხარულის შეტანას ემსახურება.
„ციზი ჩიზქეიქი 2026 წლის 2 მაისს, ბაზარი ორბელიანის მეორე სართულზე გავხსენი. იდეა ძალიან ბუნებრივად დაიბადა - მე და ჩემს მეუღლეს უკვე გვქონდა კაფე-ბარი „სამსარა“, სადაც ჩიზქეიქი მენიუში ერთ-ერთი პროდუქტი იყო. მომხმარებელთა რეაქცია იმდენად დადებითი და გულწრფელი იყო, რომ მივხვდით - ამ პროდუქტს ცალკე, სრულფასოვანი სივრცე ეკუთვნოდა. "ციზი" ყველასთვისაა - ერთადერთი პირობა ის არის, რომ უნდა გიყვარდეს ჩიზქეიქი“, - ამბობს ის და ამატებს, რომ ობიექტს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის სტუმრები უკვე აქტიურად სტუმრობენ.
მისივე თქმით, ჩიზქეიქის მიმართ ინტერესი მის პირად გამოცდილებასაც უკავშირდება. „ჩიზქეიქი ძალიან მიყვარს - პირველად აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გავაკეთე, შემდეგ სახლში ვაგრძელებდი და „სამსარაში“ გადავიტანე. ნელ-ნელა კი ტექნიკა და გემო იხვეწებოდა“, - აღნიშნავს ის.
ამ ეტაპზე „ციზი“ ფოკუსირებულია ბასკურ ჩიზქეიქზე, რომელიც ბრენდის მთავარ პროდუქტად არის ქცეული. ალიბეგაშვილის თქმით, მისი გამორჩეულობა რამდენიმე კომპონენტზე დგას: „ჩემს შემთხვევაში განსხვავებას სამი რამ ქმნის - მაღალი ხარისხის ინგრედიენტები, წლების განმავლობაში გამომუშავებული ტექნიკა და ერთი პირადი საიდუმლო, რომელსაც, ბუნებრივია, არ გავამჟღავნებ“.
ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს ინგრედიენტების ხარისხს: „კომპრომისს არ ვდებ - ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. ვიყენებ პრემიუმ კლასის პროდუქტებს. მათგან ზოგიერთი იმპორტულია, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის ვერ მოიძებნება ის გემო და ტექსტურა, რასაც მე ვეძებ“.
„ციზის“ მენიუ ამ ეტაპზე რვა სახეობის ჩიზქეიქს მოიცავს - კენკრის, კარამელის, შოკოლადის, ორეოს, ფისტის, მოცხარისა და კლასიკურ ვარიანტებს. როგორც დამფუძნებელი ამბობს, მომხმარებელთა რჩეული კენკრის ჩიზქეიქია, თუმცა მისთვის გამორჩეული ფისტისა და მოცხარის კომბინაციაა.
„კენკრის ჩიზქეიქი მომხმარებლების აბსოლუტური "ფავორიტია", მაგრამ ჩემი გული ფისტასა და მოცხარს ეკუთვნის - ეს კომბინაცია ბასკურ ჩიზქეიქს განსაკუთრებით კარგად უხდება“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი კარამელის ჩიზქეიქია, რადგან კარამელი მთლიანად ადგილზე მზადდება და თითოეულ დესერტს ინდივიდუალურ ხასიათს აძლევს.
გეგმებზე საუბრისას ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ მენიუ ეტაპობრივად გაფართოვდება: „უკვე ვმუშაობთ დარიჩინის ფუნთუშისა და ორცხობილების ჩიზქეიქზე. თუმცა ახალ პროდუქტებს ეტაპობრივად დავამატებთ, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ“.
ფასების პოლიტიკაზე საუბრისას ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ მიზანი ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ბალანსი იყო: „საფასო დიაპაზონი 15-დან 19 ლარამდეა. გვინდოდა, პრემიუმ ხარისხის მიუხედავად, „ციზი“ ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი დარჩენილიყო“.
გახსნის პროცესიც, მისი თქმით, სირთულეების გარეშე არ წარიმართა: "ახალმა ღუმელმა მოულოდნელად „უარი თქვა" თანამშრომლობაზე და პირველი პარტია ჩიზქეიქები ვერ გამოვიდა ისეთი, როგორიც საჭირო იყო. მაგრამ, როგორც ამბობენ - რაც არ გკლავს, გაძლიერებსო. ყველა ეს სირთულე გადავლახეთ და დღეს უკვე „ციზი" სრული დატვირთვით მუშაობს. ამჟამად, ობიექტში 3 ადამიანი ვართ დასაქმებული - პატარა, მაგრამ ერთიანი და მოტივირებული გუნდია, რაც, ჩვენი აზრით, ხარისხიანი სერვისის ერთ-ერთი საფუძველია", - ამბობს ლიზი ალიბეგაშვილი.
მისი შეფასებით, „ციზი ჩიზქეიქი“ და „სამსარა“ საერთო განვითარების ერთიან გზაზე მყოფი პროექტებია, რომლებიც მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაფართოვდება როგორც პროდუქტის, ისე ბრენდის მიმართულებით.




























