მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[იმპორტირებულ პროდუქციას] კონკურენციას ფაქტობრივად ვერ ვუწევთ" – "ლორუკა"

ლორუკა

"[იმპორტირებულ პროდუქციას] ფაქტობრივად ვერ ვუწევთ კონკურენციას", - ამის შესახებ რაჭული ლორის მწარმოებელმა კომპანიის „ლორუკა“ დამფუძნებელმა მარიამ ლებანიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მცირე არტიზანულ მწარმოებლებს ბაზარზე პოზიციონირება უჭირთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქციასთან უწევთ. მისი თქმით, ქართული მცირე წარმოებები ადგილობრივ სავაჭრო ქსელებში ნაკლებად არის წარმოდგენილი, რაც მათ განვითარებას ართულებს.

"ქართული წარმოება ძალიან მინიმალური რაოდენობით არის წარმოდგენილი. დიდი კომპანიები ბაზარზე არიან, თუმცა პატარა არტიზანული წარმოებები ფაქტობრივად მარკეტებში არ გვხვდება. ჩვენთვის, მცირე მეწარმეებისთვის, ეს ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია", - აღნიშნა „ლორუკას“ დამფუძნებელმა.

მისივე შეფასებით, პრობლემის გადაჭრას როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება. „თუ კერძო სექტორის ან მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა არ იქნება, რომ მცირე წარმოებები შევიდნენ სხვადასხვა მარკეტებში, საკუთარი ძალებით ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 133.2 ათასი დოლარის ღირებულების 13 ტონა ლორი შეიძინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ სავაჭრო ჯგუფის იმპორტი 160.3 ათას დოლარს და 16 ტონას შეადგენდა. შედეგად, ლორის იმპორტი ღირებულებით 16.9%-ით, ხოლო მოცულობით 18.7%-ით შემცირდა.

2026 წლის იანვარ-მაისში ლორის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა იყო იტალია, საიდანაც საქართველომ 79 ათასი დოლარის ღირებულების 6 ტონა პროდუქტი შემოიტანა.

2026 წლის 5 თვის, ტოპ 5 იმპორტიორი ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • იტალია – 79 ათასი დოლარი, 6 ტონა;
  • ესპანეთი – 17 ათასი დოლარი, 2 ტონა;
  • ავსტრია – 13 ათასი დოლარი, 1.1 ტონა;
  • პოლონეთი – 12 ათასი დოლარი, 1.8 ტონა;
  • ბელარუსი – 5.9 ათასი დოლარი, 900 კილოგრამი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები