მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზარი საზღვრავს ყველაფერს“ - რატომ არ იბარებენ პურის მწარმოებლები ფქვილს 52 ლარად?

64b270dd728fe
თამთა ჯიჯავაძე
15.07.23 15:03
3376
„ბაზარი საზღვრავს ყველაფერს“ - ასე განმარტავს პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე გადაცემა „ანალიტიკაში“ მარცვლეულის სექტორში შექმნილ ვითარებას.

ცნობისთვის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. თუმცა როგორც მარცვლეულის მწარმოებლები აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა. რუსული ფქვილი კვლავ დაბალ ფასად შემოდის, რის გამოც ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება ვერ ხერხდება. მეხორბლეები ამბობენ, რომ წისქვილები ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფასად ხორბალს არ იბარებენ, ფქვილის მწარმოებლები კი აცხადებენ, რომ პურის მწარმოებლები რუსულ ფქვილს უფრო იაფად ყიდულობენ.

როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი BMGTV-ის ეთერში განმარტავს, დღეს ქართული წისქვილებიდან პურის მწარმოებლები ფქვილს იღებენ 48-49 ლარად.

„როგორც ვიცი, წისქვილებში გადასამუშავებლად 15 000 ტონა ქართული ხორბალი უკვე მიღებულია. თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შეფერხდა, ვინაიდან წისქვილებში დაიწყეს საუბარი, რომ ხორბალი არ შეესაბამება იმ კონდიციას, რომლისგანაც შემდეგ პური უნდა გამოცხვეს. ხარისხზეა საუბარი. საღამოს წვიმა და დილით მზე, ხორბალს არ უხდება. როდესაც ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო, ძალიან ბევრი საფურაჟედ მისაღები ხორბალი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, თბილისს დღეში 400 ტონამდე პური სჭირდება, ხარისხზე დიდი კონკურენციაა და დღეს რომ ვინმემ ხარისხს ყურადღება არ მიაქციოს, არ იქნება სწორი. ამიტომაც შეიქმნა ეს უკმაყოფილება.

რატომ ვერ იბარებენ წისქვილები ხორბალს 70 თეთრად? - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება

წისქვილები ალბათ ფერმერებს ეუბნებიან, რომ ჩვენ ხორბალს იმიტომ არ ვიბარებთ, რომ ფქვილს წარმოება 52 ლარად არ იბარებს. ეს არასწორი ნათქვამია. აქ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებია ჩართული. ბაზარი საზღვრავს ყველაფერს და ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდებოდა. თუ ალტერნატივა არ იქნებოდა, ფასი აიწევდა“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ ფქვილის ფასი 52 ლარამდე რომ გაზრდილიყო, პურის მწარმოებლები ამ ფასს „აიტანდნენ“.

„ეს იმიტომ რომ, თუ ადრე პურის თვითღირებულებაში ფქვილის ფასი იყო გადამწყვეტი, დღეს ეს შეცვლილია, ვინაიდან გაიზარდა ხელფასები, დისტრიბუციაში მოთხოვნა გაჩნდა, გაიზარდა ხარისხის მიმართ მოთხოვნაც, ყველა პური შეფუთული გამოდის და ა.შ“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

რაც შეეხება ტენდენციებს, პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთლიანად საქართველოში პურპროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი 600 000 ტონაა, - „საქართველომ შარშან აწარმოა, მაგალითად, 150 000 ტონა, ესე იგი დეფიციტში ვართ, ჩვენ გვჭირდება ხორბალი, რომ შევავსოთ ბეღელი და ხალხს პური მივაწოდოთ“.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წისქვილკომბინატებში ხორბლის ჩაბარების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მეხორბლე ფერმერებისგან ხორბალს 20-მდე წისქვილკომბინატი იბარებს.

თუმცა, მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ფერმერები მორიგი აქციის გამართვას გუშინ წნორში აანონსებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის გადაიდო. საქმე ის არის, რომ მანამდე ერთი დღით ადრე, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც დაღერღილი ხორბლის (არასასურსათო საფურაჟე ხორბალი) იმპორტი ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე აიკრძალა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის გაჟღერებასაც მარცვლეულის მწარმოებლები აქციაზე აპირებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები