მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომავალ წელს ხორბალს აღარავინ მოიყვანს“ – ფერმერები ხორბლის ფასის ზრდას ითხოვენ

648ef37892aa0
ლიკა მეგუთნიშვილი
18.06.23 16:56
1322
კახელი მეხორბლეები 1 კგ ხორბლის ღირებულების სიმცირეს აპროტესტებენ. მათი თქმით, იმის ფონზე, რომ საწვავისა და მექანიზაციის ხარჯები გაიზარდა ფერმერებს ხორბლის წარმოება ძვირი უჯდებათ, ამჟამინდელი ფასი კი, თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს. ამ ეტაპზე 1 კგ ხორბლის ფასი 42-45 თეთრის ფარგლებშია.

როგორც ერთ-ერთი ფერმერი, გიორგი ზედელაშვილი BMG-სთან ამბობს, იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟო გადასახადს 200 ლარის ოდენობით დაწესების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და საპროტესტო აქციები გამართეს.

ზედელაშვილის თქმითვე, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ მთავრობა 1 კგ ხორბლის ფასს 70 თეთრამდე გაზრდიდა.

„ბოლო პერიოდია სულ წვიმს, რის შედეგადაც ხორბლის მოსავლიანობა მცირდება, ამას ემატება ისიც, რომ რა რაოდენობაც გვაქვს იმის ისეთ დაბალ ფასად გაყიდვა გვიწევს, რომ თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ხორბლის მოყვანა და შემდეგ მისი დასაწყობება წელს დაახლოებით 2500 ლარი დამიჯდა. ყველაფერი გაძვირებულია, გაორმაგებულია სასუქისა და პესტიციდების ღირებულება და გაზრდილია ასევე კომბაინისა თუ საწყობის დახლის ღირებულება. გაზრდილი ხარჯიდან გამომდინარე, თუ 1 კგ ხორბლის ფასი არ გაიზრდება, მომავალ წელს ხორბალს უკვე აღარავინ დათესავს”, - გიორგი ზედელაშვილი.

BMG ამ საკითხთან დაკავშირებით მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ბენიაიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, საწყის ეტაპზე წისქვილკომბინატებმა 70 თეთრად მხოლოდ 1000 ტონა ხორბლის შეძენის გადაწყვეტილება მიიღეს.

"თითქოს ხარისხზე მიდის კონტროლი, არადა შეთანხმებაა, რომ 20% ადგილობრივი წარმოების ხორბალი უნდა დაფქვან 80% იმპორტირებულ ხორბალთან ერთად. მიზეზად ამბობენ, რომ სანამ დარჩენილი ფქვილის მარაგი სრულად არ ამოიწურება, 70 თეთრის გადახდა უჭირთ. ის დაპირება, რომ თითქოს ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესების შემდეგ ქართული ხორბლის ფასი მოიმატებდა, როგორც ჩანს არ არის რეალური, რადგან ჯერ-ჯერობით შედეგი არ ჩანს“, - აცხადებს ბენიაიძე.

ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, ერთ კვირაში ხორბლის ახალი მოსავლის თითქმის 20%-მდე უკვე აღებული იქნება და ამის შემდეგ წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

„ვეტყვით ძველი ხორბალი რამდენი გვაქვს დარჩენილი და ახალი მოსავალი რა რაოდენობის ავიღეთ. დავუსვამთ კონკრეტულ კითხვებს - რამდენს ყიდულობთ და როდის ყიდულობთ?! მათი პასუხიდან გამომდინარე მივმართავთ უკვე სამინისტროს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ცნობისთვის: ფქვილის იმპორტის გაფორმებისთვის მომსახურების საფასური 12 ივნისიდან ამოქმედდა. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 7 ივნისს გამოაქვეყნა, რომლითაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შევიდა. იმპორტიორს 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისთვის ყოველ კილოგრამზე 20 თეთრის გადახდა მოუწევს, რაც ყოველ 1 ტონაზე 200 ლარს უტოლდება. გაფორმების გადასახადი ძალაში 1 ნოემბრამდე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები