კომპანია „გრანთ თორნთონ საქართველოს“ მმართველი პარტნიორი პაატა შურღაია საქართველოში ე.წ. ქსელური ბიზნესების - სუპერმარკეტების, ჰიპერმარკეტების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკების ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ამ სექტორებში მაღალი ბაზრის კონცენტრაციაა, რაც მომხმარებელზე როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენას ახდენს.
შურღაიას თქმით, საქართველოში აღნიშნული ბიზნესების სიმრავლე ხშირად უკვირს როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ სტუმრებს, მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხითაც.
მისი შეფასებით, პირველ რიგში, პრობლემა ბაზრის მაღალ კონცენტრაციაშია, სადაც რამდენიმე მსხვილი მოთამაშე დიდწილად განსაზღვრავს ფასებს, მომსახურების სტანდარტებსა და მიწოდების ჯაჭვის პირობებს.
პაატა შურღაია ასევე საუბრობს რეგულაციებსა და ზედამხედველობის მექანიზმებზე და აცხადებს, რომ არსებული ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე ბაზრის რეალობას.
bm.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"შეფასებებისა და ანალიზის ნაწილში, ვინ, რა მეთოდით, რატომ აკეთებს და რა ფორმებით, ამ ეტაპზე შეგნებულად თავს შევიკავებ და მხოლოდ გარემოების ფაქტობრივი სურათის აღწერით შემოვიფარგლები.
საქართველოში ე.წ. ქსელური ბიზნესების, ეს იქნება სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების, ბენზინგასამართი სადგურების, აფთიაქებისა და ბანკების ბაზარზე გავლენა მოსახლეობაზე ერთდროულად აისახება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ეფექტებით. ეს ყოველდღიურ გამოცდილებაშიც ჩანს და არაერთხელ დადასტურებულა როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დაკვირვებებში და შეფასებებში (დეტალებს საჭირო დროს დავუბრუნდები). მინიმუმ, თითქმის ყველა ჩემი უცხოელი სტუმარი გაკვირვებულია ამ "სიმრავლით", მარკეტების, აფთიაქების, ბენზ.სადგურების რაოდენობით და მათ შორის იმითაც, რომ რიგ შემთხვევებში ქალაქის შუაგულშიც კი უსაფრთხოების სტანდარტები დარღვეულია.
პირველი ფაქტი: ამ სექტორებში ბაზრის კონცენტრაცია მაღალია. რამდენიმე მსხვილი მოთამაშე(ები) დიდწილად განსაზღვრავს თამაშის წესებს, ფასებს, მომსახურების სტანდარტებს, მიწოდების ჯაჭვის პირობებსა და ხშირად რაოდენობრივადაც, თუ რა "ადგილი" ექნება პროდუქტს თაროზე ან დახლზე. ეკონომიკის ენით რომ ვთქვათ, ასეთ გარემოში ბაზრის ძალა ე.წ. market power დიდია (ანუ იზრდება), ხოლო კონკურენციის პრაქტიკული ეფექტები ფასის შემცირება, ხარისხის ზრდა, ინოვაცია და მომხმარებლის არჩევანის გაფართოება სუსტდება.
მეორე ფაქტი: რეგულაციები და ზედამხედველობის არსებული ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე ბაზრის რეალობას. მაგ: სერვისის ხარისხის მოთხოვნებს, მომხმარებლის დაცვის სტანდარტებს, მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობასა და კონკურენციის უზრუნველყოფას იმ დონეზე, რაც დღეს გვჭირდება, როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების მომხმარებლებს. შედეგად, ჩნდება სივრცე ისეთი პრაქტიკებისთვის, რომლებიც ფორმალურად შეიძლება ყოველთვის აკრძალული არც იყოს, მაგრამ რეალურად კონკურენციას ასუსტებს და მოქალაქეს აზარალებს.
მესამე ფაქტი: ამ სფეროებში წარმოდგენა, რომ მოდი "უბრალოდ შევალ ბაზარზე 1, 5, ან თუნდაც 10 $-რად, და გავხდები მოთამაშე", პრაქტიკაში იშვიათად მუშაობს. თუ დავაკვირდებით, რამდენად ხშირად გვხვდება ე.წ. უბნის მაღაზია, უბნის აფთიაქი ან არაბრენდული ბენზ.სადგური, ნათელია, რომ შესვლის ბარიერები მაღალია ინფრასტრუქტურის, მიწოდების ქსელის, ლოჯისტიკის, მასშტაბის, კონტრაქტების, თაროს/ადგილის პირობების, სარეკლამო რესურსების და რაც ყველაზე მთავარია - ზოგჯერ (ან ხშირადაც) იმ არაფორმალური წესების გამო, რომლებიც ბაზარზე დამკვიდრებულია. ახალი მოთამაშისთვის მთავარი გამოწვევა მხოლოდ კაპიტალი კი არაა, არამედ ის გარემო, სადაც უკვე ჩამოყალიბებულ სისტემაში უნდა "მოიპოვოს ადგილი". და, თუ მაინც შევა ვინმე, კონკურენცია ხშირად იწყება არა ეფექტიანობითა და ხარისხით, არამედ ისეთი მეთოდებით, რომლებიც ბაზრის ჯანსაღ დინამიკას ამრუდებს/აზიანებს. ეს, სამწუხაროდ, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვხვდება სიდიდის მიუხედავად.
აქედან გამომდინარე, ფასების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კლასიკური "მარჯვენა/მარცხენა" მიდგომები, "ლიბერალური" ხედვები და პოლიტიკური იარლიყები, არამედ ძალიან პრაქტიკული ფაქტორები: ხარჯების სტრუქტურა, მიწოდების ჯაჭვის პირობები, დისტრიბუციის კონტროლი, პროდუქტის განთავსების წესები, სავაჭრო პირობები, ბაზრის კონცენტრაცია და მათ შორის, არაჯანსაღი კონკურენციის რისკები, კარტელური გარიგებების/შეთანხმებული მოქმედებების ეჭვები და "თვითრეგულირების" ისეთი ფორმები, რომლებიც რეალურად დახურულ კლუბს უფრო ჰგავს, ვიდრე ღია ბაზარს. საბოლოო შედეგი კი ხშირად ერთია: დაზარალებული რჩება მოქალაქე ფასითაც და ხარისხითაც.
ამიტომ, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ ჟურნალისტი ვართ, პოლიტიკოსი თუ "დარგის" ექსპერტი სჯობს მეტი სიზუსტე და მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ: საკითხი მოვამზადოთ, პრობლემა სწორად დავინახოთ და სწორი კითხვები დავსვათ. იმის თქმა, რომ "ყველაფერი ცუდია", ან მეორე უკიდურესობა "რეგულირება მიუღებელია, თავისუფალი ბაზარი ყველაფერს მოაგვარებს", ერთნაირად ზედაპირულია. ბაზარი თავისუფალი ვერ იქნება მხოლოდ სახელით, თუ რეალურად თამაშის წესები დახურულია და შეთანხმებული პრაქტიკებით მუშაობს ისე, რომ ღია ეკონომიკის პრინციპები პრაქტიკაში ქრება.
სულ რომ ყველაფერს შევეშვათ, მართლა ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზას მხოლოდ ჩვენ გავდივართ? ან, რომ ამ პრობლემებთან პირველად ჩვენ შევეჯახეთ და "ველოსიპედი თავიდან გვაქვს გამოსაგონებელი"?!, - წერს შურღაია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის "ფასების კომისიამ", რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 23 იანვარს კი - დისტრიბუტორებს.




























