საქართველოს ბაზარზე ახალი საკონსულტაციო კომპანია LEGAL Bridge Consulting გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს საჯარო და მუნიციპალურ უწყებებთან ურთიერთობის გამარტივებას სთავაზობს.
BM.GE-სთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა, ნინო ელიაურმა განაცხადა, რომ იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა და ოფიციალურად 5 მარტს განხორციელდა. მისი თქმით, კომპანიის შექმნის მთავარი მიზეზი იყო ის სირთულეები, რომელსაც მოქალაქეები და ბიზნესი სახელმწიფო სერვისების მიღების პროცესში აწყდებიან.
"მომხმარებელს ხშირად უჭირს ნავიგაცია სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებში, კარგავს დროს და უჭირს სწორი სტრატეგიის განსაზღვრა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ღირებულება მომხმარებლისთვის და გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება", - აღნიშნავს ელიაური.
მისი განმარტებით, კომპანია საკუთარ საქმიანობას საჯარო სექტორში დაგროვილ გამოცდილებაზე აფუძნებს და მიზნად ისახავს, მომხმარებელსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური და სანდო კომუნიკაცია უზრუნველყოს.
LEGAL Bridge Consulting მომხმარებლებს სთავაზობს როგორც საკონსულტაციო, ისე წარმომადგენლობით მომსახურებას. კერძოდ, კომპანია ეხმარება მათ სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში პროცედურების მართვაში და სერვისების მიღებაში. მომსახურება მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მოქალაქეობა და მიგრაცია, შრომითი უფლებები, ლიცენზია-ნებართვები, უძრავი ქონება, ბიზნესის რეგისტრაცია და მუნიციპალური სერვისები.
„ჩვენი საქმიანობა მიმართულია როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესზე, როგორც სიახლეებისა და ინოვაციების მოყვარული გუნდი, ვმუშაობთ სამომავლოდ ბიზნესზე მორგებული უფრო ფართომასშტაბიან სერვისის დანერგვაზე”, - თქვა მან.
როგორც ნინო ელიაური აღნიშნავს, მიუხედავად მცირე დროისა, კომპანიას უკვე აქვს რამდენიმე წარმატებით დასრულებული საქმე და ათობით მიმდინარე პროცესი.
„ჩვენ ვართ პირველი გუნდი ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რომელიც ინსტიტუციურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ახალ მომსახურების სტანდარტს ამკვიდრებს“, - აცხადებს ნინო ელიაური.
სამომავლოდ კომპანია გეგმავს სერვისების გაფართოებას და ბიზნესზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვას, ასევე სატრენინგო მიმართულების განვითარებას.




























