მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზარზე ბიოდეგრადირებადი პარკების 70%-მდე ადგილობრივი წარმოებისაა“ - "აა პლასტი"

აა პლასტი

5 წელზე მეტი გავიდა რეგულაციიდან, რომელიც ქვეყანაში გარკვეული სახის პოლიეთილენის პარკების წარმოებას ეხებოდა. 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა. რეგულაციები გაფართოვდა 2023 წელსაც, თუმცა ხუთივე წელია კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებული რეგულაციების აღსრულება სრულყოფილად ვერ ხორციელდება, რაც გარემოში პოლიეთილენის პარკების მოხვედრას იწვევს.

პარკების მწარმოებელი კომპანია "აა პლასტიში" ფიქრობენ, რომ კანონის გამართულად მუშაობისთვის სარეალიზაციო ქსელში მონიტორინგის მექანიზმები უნდა გაძლიერდეს. როგორც კომპანიის იურისტმა მელიტა ტყაბლაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ამ მხრივ მდგომარეობა უკონტროლოა ბაზრობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

რაც შეეხება ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის წილს, მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ის 70%-მდე გაიზარდა.

„შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდა. 2019 წლიდან დღემდე საკითხი აქტუალურია, თუმცა ალბათ 5 წლიანი პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საწარმოები სრულიად ახალი პროდუქციის წარმოებაზე გადასულიყვნენ, მოქალაქეებიც ეტაპობრივად მიეჩვივნენ იმას, რომ პროდუქტი უნდა განთავსდეს ფასიან პარკში.

რაც შეეხება კონტროლს, დღესდღეობით ისევ რჩება ადგილები, მაგალითად ეს არის ბაზრობები და მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ეს პრობლემაა. თუმცა ქსელური მარკეტები, აფთიაქები, ისინი კანონის ამოქმედების დროიდან მოექცნენ რეგულაციების ქვეშ. ჩვენ არაერთ დიდ საწარმო ქსელს ვემსახურებით.

ადგილობრივი პროდუქციის წილი ბაზარზე 60-70%-მდე გაიზარდა. ახალ-ახალი მეწარმეები ჩნდებიან. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ადრე იყო მხოლოდ ერთი ტიპის ბიო დანამატი, დღეს დაემატა ამერიკული და ინგლისური, რაც დიდი მიღწევაა. მეწარმეს შეუძლია თავად მოიძიოს და შემოიტანოს პროდუქცია თუ სტანდარტში ჯდება. გარდა ამისა, არიან ადგილობრივი გამყიდველები, რომლებიც ახდენენ იმპორტს და მის გასხვისებას. ბიო დანამატით გაჯერებული პარკი უფრო ხელმისაწვდომია და ეს ფასების შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.

ლაბორატორიის არსებობა რჩება მტკივნეულ საკითხად და გვპირდებიან, რომ ისიც მალე გაიხსნება. აქამდე ნიმუშების გარკვეული კონტროლი ხდებოდა სამხარაულის ბიუროში, ასე რომ ვერ ვიტყვით რომ ამ მხრივ ბაზარზე ვითარება სრულად უკონტროლო იყო,“ - აცხადებს მელიტა ტყაბლაძე.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ ლაბორატორიის მოწყობა მომდევნო 3-თვიან ვადაში დასრულდება და ხელმისაწვდომი 1 მაისისთვის იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები