მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზარზე ჭარბადაა იმპორტირებული ქათმის პროდუქცია“ - რა გამოწვევებს ხედავს ბაზრის ახალი მოთამაშე

5fc7b3946be60
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 10:10
1458
ქართულ ბაზარზე ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი ახალი ფერმა კომპანია „ჯი პი პიმ“ მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდა და დღეისთვის მომხმარებელს ქართულ ქათამს - „ნოსტეს“ სთავაზობს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფირცხალაიშვილი განმარტავს, რატომ გადაწყვიტა კომპანიამ საქართველოში ამ მიმართულებით ემუშავა. 

„საქართველოს ბაზარზე ქათმის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ადგილობრივი რესურსი არასაკმარისია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინვესტიცია მეფრინველეობაში განგვეხორციელებინა – კასპის რაიონში მოქმედ ფერმასთან საერთო ძალისხმევით მეურნეობა გაგვეფართოვებინა და მასშტაბური კომპლექსური საწარმო შეგვექმნა, რომელიც ქათმის ხორცის წარმოების სრულ ციკლს მოიცავდა“, - განაცხადა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში მეფრინველეობას განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა გამოწვევები ამ ბიზნესსაქმიანობაში ბევრია.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მეფრინველეობის ფერმა ფუნქციონირებს, ბაზარზე იმპორტირებული გაყინული პროდუქცია მაინც ჭარბად გვხვდება. ჩვენი მიზანი მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება და ბაზრის წამყვანი პოზიციის მოპოვებაა.

რაც შეეხება გამოწვევებს, ძირითად გამოწვევას ნედლეულის ფასის ცვლილება წარმოადგენს. წარმოებაში გამოყენებული საკვების მთავარი ინგრედიენტები სიმინდი და სოიოა. შესაბამისად, მარცვლეულის ღირებულების ზრდას წარმოებაზე ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს. ასევე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსი და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა, მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისითაც და არა მარტო”, - განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი BM.GE-სთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები