ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის. ის შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის.
სამინისტროს თანახმად, ავიაკომპანიის დელეგაციამ ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ დიდი სტიმული მისცა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. მისი თქმით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ, Air China -სთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება დააჩქარა.
„Air China-ს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საერთო ძალისხმევით განვაგრძობთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში, რათა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. იმედს გვაქვს, რომ გაიზრდება იმ ჩინური ქალაქების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი ფრენები შესრულდება. მათ შორის, პეკინიდან და შანხაიდან.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დადებითად აისახება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის და სამოქალაქო ავიაციის გაძლიერებაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.