“Cavea“ და "tkt.ge" კონკურენციის დაცვის სააგენტოს მიერ ₾1.6 მილიონით დაჯარიმდნენ, ₾5 ათასით დაჯარიმდა Biletebi.ge.
სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "თინეთს" შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა. ასევე გაირკვა, რომ იმავე პირობებით ბილეთების გაყიდვა სურდა biletebi.ge-ს, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა.
სააგენტო განმარტავს, რომ დაჯარიმდა შპს "ელ.ბილეთებიც" (biletebi.ge), სწორედ იმის გამო, რომ ისიც "ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას".
Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი დავით მიზანდარი bm.ge-სთან ამბობს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ სამართლიანია. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შედეგად biletebi.ge შეძლებს დაბრუნდეს ბაზარზე. რაც შეეხება თავად კომპანიის დაჯარიმებას, მიზანდარის თქმით, ჯარიმა უსაფუძვლოა და კომპანია სამართლებრივი დავის გაგრძელებაზეც ფიქრობს.
"სააგენტოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით იმ ნაწილში, რომ მიიჩნიეს კინოსა და tkt-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბაზრის შემზღუდველ შეთანხმებად. გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ დავბრუნდეთ ბაზარზე, ეს კი, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას.
არ ვეთანხმებით სააგენტოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ BILETEBI.GE დაჯარიმდა. ჩვენ, არასოდეს გვქონია ბაზრის შეზღუდვის მიზანი და არასოდეს დაგვიდია ხელშეკრულება ამ მიზნით. ჩვენ ვმონაწილეობდით მოლაპარაკებაში, რომ გვქონოდა ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობა. თუმცა, არასოდეს გაფორმებულა ხელშეკრულება ამ მიზნით. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ არ არის სამართლიანი", - ამბობს დავით მიზანდარი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ biletebi.ge-სთვის გამოწერილი ჯარიმის მოცულობა მცირეა, კომპანია სასამართლოში დავის გაგრძელებას განიხილავს.
ინფორმაციისთვის, სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს ,,კავეაც".