საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, როგორც მომჩივან ასევე მოპასუხე მხარეებს - 3 კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი სანქცია დაეკისრათ.
დაჯარიმებული სამი სუბიექტიდან, ყველაზე მეტი, 1 120 562 ლარით სააგენტომ ,,კავეა" დააჯარიმა. („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“).
bm.ge-სთან საუბრისას "კავეას" წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია არ ეთანხმება ჯარიმას და გეგმავს, პროცესი სასამართლოში გააგრძელოს.
"არ ვეთანხმებით და აუცილებლად გავასაჩივრებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. სხვა დეტალები, როგორ გაგრძელდება პროცესი უკვე იურისტების კომპეტენციაა", - ამბობენ ,,კავეაში".