მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

ჰელსიკორი

შპს „ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი“ შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ შეძენას გეგმავს. დაგეგმილი გარიგების შესახებ კონცენტრაციის შეტყობინება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოშია წარდგენილი.

გარიგების განხორციელების შემთხვევაში ორი სამედიცინო დაწესებულება ერთი ჯგუფის ქვეშ გაერთიანდება. 2025 წლის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მათი ჯამური შემოსავალი - დაახლოებით 65.3 მილიონი ლარი, აქტივები კი 62.9 მილიონი ლარია. გაერთიანებულ ჯგუფში, არსებული მონაცემებით, დაახლოებით 1,033 ადამიანი იქნება დასაქმებული.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2025 წელს „ჰელსიკორის“ ჯგუფის შემოსავალმა 46.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 21.8%-ით მეტია. კომპანიამ გასული წელი 4.1 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, 2024 წელს კი მისი მოგება 3.3 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯგუფის აქტივები 36.4 მილიონი ლარია, ხოლო ვალდებულებები 21 მილიონ ლარს აჭარბებს. კომპანიაში 483 ადამიანი მუშაობს.

რაც შეეხება სამიზნე კომპანიას, „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ ჯგუფის შემოსავალმა 2025 წელს 19.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 23.3%-იან ზრდას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო მოგება 1.28 მილიონ ლარამდე გაიზარდა, კომპანიამ წელი 136.7 ათასი ლარის წმინდა ზარალით დაასრულა. 2024 წელს ზარალი 454 ათას ლარს შეადგენდა. კლინიკის ჯგუფის აქტივები 26.5 მილიონი ლარია, ვალდებულებები კი 19.3 მილიონ ლარს აჭარბებს. კლინიკაში დაახლოებით 550 ადამიანია დასაქმებული.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ შემოსავლების დაახლოებით 61% სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე მოდის. 2025 წელს კლინიკის სტაციონარში 10,926 პაციენტი მიიღეს, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 10,283 იყო.

ორივე კლინიკა თბილისში ოპერირებს. „ჰელსიკორი“ თევდორე მღვდლის ქუჩის N13გ-ში მდებარეობს, ხოლო ალადაშვილის სახელობის კლინიკა დიმიტრი უზნაძის ქუჩის N103-შია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ „ჰელსიკორის“ ჯგუფი სამ შვილობილ კომპანიას ფლობს. მათ შორისაა მ. ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრი, გია ჭკუასელის კლინიკა და პროფესორ გ. აბზიანიძის სახელობის ანგიოლოგია-ანგიოქირურგიის აკადემიური კლინიკა. თავის მხრივ, ალადაშვილის კლინიკის ჯგუფში შედის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია და ლაბორატორიული კვლევების მიმართულებით მოქმედი შპს „ლაბ ექს“.

ამ ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გარიგების ფინანსური პირობები და კლინიკის შეძენის ღირებულება ცნობილი არ არის. კონცენტრაციის განხორციელებისთვის საკითხი კონკურენციის სააგენტოს შეფასებას საჭიროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები