"ბაზარზე ლუდის აქტიურად მონოპოლიზება ხდება . დიდი სახარშები პატარა სახარშებს ძალიან ერჩიან", - ამის შესახებ BM.GE-სთან აგროტურისტული ობიექტის „ოტიას ეზოს“ დამფუძნებელმა, ოტია იოსელიანმა ისაუბრა, რომელსაც კრაფტ ლუდის წარმოება აქვს.
მისი თქმით, მცირე ლუდსახარშები იჩაგრებიან და ჰორეკა სექტორში პროდუქციას ვეღარ ყიდიან.
იოსელიანის თქმით, საქმე ისაა, რომ დიდი ლუდსახარშები, რომლებიც რესტორნებში, ბარებსა და პაბებში შედიან, ხშირად ფულს იხდიან, რომ სხვა ბრენდის ლუდი ამ ობიექტზე აღარ შევიდეს.
„ბაზარზე ლუდის აქტიურად მონოპოლიზება ხდება. დიდი სახარშები პატარა სახარშებს ძალიან ერჩიან, რაზედაც ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ. დიდი სახარშები შედიან ბარებში, რესტორნებსა და პაბებში. ზოგიერთი ლუდსახარში ობიექტებს ფულსაც კი უხდის, რომ მათ დაწესებულებებში სხვა ბრენდის პროდუქცია არ შეიტანონ. ამით პატარა სახარშებს ავიწროებენ. შედეგად, ობიექტებში არ არის ლუდის ასორტიმენტი და იხურებიან. ანუ იმ ტოტს ჭრიან, რაზედაც სხედან.
მცირე კომუნიკაცია უკვე მქონდა მსხვილ ლუდსახარშებთან, მაგრამ ცოტა ჩაკეტილი წრეა. სავარაუდოდ, დიდ სახარშებს მთავრობაში ლობისტები ჰყავთ და მათთან მოლაპარაკებები რთულია. სამომავლოდ ვაპირებთ მათთან საუბარს, ამასთან პეტიციებსაც“, - ამბობს მეწარმე.