მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე მალე პირველი ქართული დინამიკი გამოჩნდება

61e17fa229910
მარიამ იზორია
15.01.22 00:15
2335
ქართული სტარტაპი Atoms-ი დინამიკის წარმოებას იწყებს. სტარტაპი საწყისად ჯამში ოთხ დინამიკს - ორ პროფესიონალურ და ორ სამომხმარებლო აუდიო პროდუქტს გამოუშვებს. კომპანია დინამიკის დასამზადებლად ქართულ ნედლეულს გამოიყენებს.

Atoms-ის გუნდი 10 ადამიანს აერთიანებს. მათგან ერთ-ერთი სტარტაპის თანადამფუძნებელი დათო პილპილაშვილია, რომელიც bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროდუქტი მალე დასრულებულ სახეს მიიღებს და მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

მისივე თქმით, ქართული დინამიკი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ და სადილერო მომსახურების დახმარებით გაიყიდება, შემდგომ კი ტექნიკურად სრულიად დახვეწილ-გატესტილ პროდუქტს ექსპორტზეც გაიტანენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნულოვანი საწყისი ფინანსების მიუხედავად, Atoms-ის გუნდმა შეძლო და შექმნა ამ ეტაპისთვის უკვე $300 000 ღირებულების სტარტაპ კომპანია.

“ჩვენ ვმუშაობდით კომპანიაში, რომელიც მსგავსი პროდუქტების იმპორტს ახორციელებდა და ყიდდა. როდესაც ე.წ “ლოქდაუნი” გამოცხადდა, ვიქირავეთ ფართი და იდეების განხორციელება დავიწყეთ. შევიძინეთ დანადგარები, დავხვეწეთ ტექნოლოგიურად და აუდიოსფეროსთვის სრულიად ინოვაციური ტექნოლოგია შევქმენით.

პროდუქტი ქართული ნედლეულით იქმნება და საკმაოდ კარგი მახასიათებლებითა და ჟღერადობით გამოირჩევა. ახლა საბოლოოდ ვხვეწთ პროდუქტს და მალე საქართველოში დავიწყებთ გაყიდვას. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ღირებულება ქართულ ბაზარზე მორგებული იქნება” - ამბობს Atoms-ის თანადამფუძნებელი.

დათო პილპილაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ Atoms-ი მხოლოდ ოთხი დინამიკის წარმოებით არ შემოიფარგლება და ყველა სეგმენტის დასაკმაყოფილებელი აუდიოპროდუქცია ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები