საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედით შემცირდა. „ჰამასის“ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევას და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, გუშინ ნავთობზე ფასის ზრდა მოჰყვა.
ამ დროისთვის ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 87 დოლარის ფარგლებშია, რაც გუშინდელთან შედარებით 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება WTI [West Texas Intermediate] ფასს, ბარელის ფასი 86 დოლარის ფარგლებშია, ანუ 0.37%-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით. გუშინ ორივე ტიპის ნავთობზე ფასი დღიურ ჭრილში 3.5 დოლარამდე გაიზარდა, რისი მიზეზიც ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, კონფლიქტის რეგიონის სხვა ქვეყნებზე გავრცელების საშიშროება იყო. რეგიონი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ფასი გაზრდილია რუსულ Urals-ზეც თითქმის 5%-ით და ბარელის ღირებულება 77 დოლარს აღწევს.
კონფლიქტში ირანის შესაძლო ჩართვა ფასის ზრდის რისკს კიდევ უფრო ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ნავთობის სექტორს სანქციები დაუწესა, თეირანმა 2022 წელს როგორც ექსპორტი, ასევე ნავთობის წარმოება გაზარდა. ასევე განახლდა ვაშინგტონთან მოლაპარაკება ბირთვულ პროგრამაზე. თუ ჰამასის თავდასხმაში ირანის მონაწილეობა დადასტურდება, მაშინ მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები შეფერხდება და აშშ-ის ირანის ენერგეტიკის სექტორისთვის სანქციების დაწესება კვლავ მოუწევს.