მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე რუსული საწვავი ევროპულზე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა - კონკურენციის სააგენტო

საწვავი

კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს - ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში 1,541,612 ლიტრი ბენზინი და დიზელი შემოვიდა საქართველოში. ანგარიშის თანახმად, ბაზარზე იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება. ამას სააგენტო ასკვნის იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ გასულ წელს ქვეყანაში საწვავი 54 ეკონომიკურ აგენტს შემოჰქონდა, შესაბამისად იმპორტიორების რაოდენობა უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანაში ძირითადი ბრენდული სადგურების რაოდენობა და ისინი საწვავს სხვადასხვა მომწოდებლებისგან ყიდულობენ.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც მთლიანი მოცულობის 62.5%-ს შეადგენდა. რუსეთს მოჰყვება რუმინეთი - 15.3% და ბულგარეთი - 9.4%. სააგენტოს შეფასებით, ბაზრის იმპორტის დონე ზომიერად კონცენტრირებული იყო რუსულ ბაზარზე.

საქართველოს საცალო ბაზარზე 1194 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 378 კომპანია ახორციელებდა. მათ შორის ხუთი წამყვანი გასამართი სადგურის წილი გასამართი სადგურების რაოდენობაში 66.2%-ია.

"საწვავის საცალო ბაზარზე, 2023 წლის პირველი ნახევარი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა , ხოლო მეორე ნახევარი ფასების ზრდის - მსგავსად საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ევროპულ ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი). კერძოდ, წლის პირველ ნახევარში - რეგულარის მარკის საწვავის შემთხვევაში ფასი 1 ლიტრზე 50-70 თეთრით შემცირდა, პრემიუმის შემთხვევაში 50-60 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში აგვისტოს თვის ჩათვლით ფასი შემცირდა 75-90 თეთრით. 2023 წლის მეორე ნახევარში - მაქსიმალური ფასი საქართველოში ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში სექტემბრის თვეში. მაქსიმალური ნიშნულის შემდეგ, საქართველოში ფასი შემცირდა საშუალოდ 1 ლიტრზე 15 თეთრით, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში 30 თეთრით.

2023 წლის მეორე ნახევარში, საცალო ფასების ზრდასთან ერთად,მსხვილი კომპანიების და მცირე ქსელების საცალო ფასებს შორის სხვაობა გაიზარდა. მაგ. რეგულარის მარკის საწვავზე, მსხვილ კომპანიებს და მცირე ქსელებს შორის სხვაობა, 2023 წლის ნოემბრის თვემდე, 10-20 თეთრს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვიდან 30-35 თეთრს,"- ნათქვამია სააგენტოს მიმოხილვაში.

კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარზე რეალიზებული საწვავის ღირებულება მისი შემადგენელი კომპონენტების მიხედვით, საიდანაც დგინდება, რომ ნავთობკომპანიები რუსულ საწვავს საშუალოდ უფრო მაღალი ფასნამატით ყიდდნენ, ვიდრე ევროპულ საწვავს, ამის მიზეზი კი რუსული საწვავის შესყიდვის (თვითღირებულების) შედარებით დაბალი ფასი იყო.

მაგალითად, თუკი ევროპიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით ლიტრზე 1.61 ლარი იყო, რუსულის შემთხვევაში ეს 1.39 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ოპერატორებს რუსული საწვავის რეალიზაციით უკეთესი მოგების გენერირება შეეძლოთ. სწორედ ამიტომ 2023 წლის დეკემბერში რუსული წარმოების რეგულარის ბენზინზე ფასნამატი ლიტრზე 75 თეთრს შეადგენდა, მაშინ როდესაც ევროპულზე ეს 52 თეთრი იყო.

"2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით, ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას. აღნიშნული შესაძლოა კავშირში იყოს საწვავის მარაგებთან ან/და რუსეთის ფედერაციიდან იაფი საწვავის იმპორტის შემცირებულ მაჩვენებელთან. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი ოპერირებებს მხოლოდ ევროპული საწვავით, შესაბამისად ევროპული საწვავის შემთხვევაშიც ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას.

2024 წლის იანვრის თვეში, ასევე სახეზეა საცალო ფასების შემცირება. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში, ძირითადად, თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან,"- წერს კონკურენციის სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები